ბლოგერი უჩა აბაშიძე მისი მეუღლისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას პოზიცია არ შეუცვლია

ბრალდებული ბლოგერი უჩა აბაშიძე მისი მეუღლისგან, ბრალდებულ მარიამ იაშვილისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას პოზიცია არ შეუცვლია.

დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარის 3 მოწმე, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები და ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა.

საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს. თუმცა, ვინაიდან სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ის დეტალებზე ვერ საუბრობს.

უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განმარტებით, მოწმეთა დაკითხვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებაში არათანმიმდევრულობა გამოიკვეთა, მათ შორის, მოწმეები ჩვენებებში ვერ ხსნიდნენ იმ გარემოებებს, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდათ დადასტურებული.

ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარე წლის 4 მაისს, სულ სხვა საქმეზე დაიწყო. კერძოდ კი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე. სწორედ აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა ჩაატარეს. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები ფარულად დაამონტაჟეს, რომელთა საშუალებითაც მარიამ იაშვილსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს უკანონოდ იღებდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჩანაწერებში საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც ფიგურირებენ, რომელთა გადაღებაც უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე ხორციელდებოდა და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია