კახა კალაძის განცხადებას საგარეო პოლიტიკაზე კომპეტენტურად ვერ შევაფასებ. ადამიანი სულ სხვა სფეროდან არის და ამაში გასაკვირი არც არაფერია. სად აქვს კახა კალაძეს იმის კომპეტენცია, რომ მსგავს თემებზე ისაუბროს? აქ სამარცხვინო არის ის, რომ ის უწყება, სახელმწიფო ინსტიტუტი, მინისტრი, რომელიც პასუხს უნდა სცემდეს, დამალულია, შეშინებულია, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს.
„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო და დარწმუნებული ვარ, რა ემოციურ მდგომარეობაში არიან დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ადამიანები, რომლებიც წლებია იბრძვიან არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში, უამრავი ქართველი დიპლომატი მთელ მსოფლიოში გარბოდა, სად არ არიან ჩასული იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგვეძლიერებინა და დღეს ჰყავთ მინისტრი, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებში ხმას ვერ იღებს მაშინ, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის დასაცავი. ამიტომ, აქ ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ეს მდგომარეობა უკვე გასცდა არჩევნების ფარგლებს, ეს არ არის არჩევნები და ძალაუფლების საკითხი, ეს არის ქვეყნის მომავალში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის გაფუჭება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად “ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან. ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.
პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს.