23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, მირიან თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა, ზოგადად კი „ბრალდებული ძალადობრივი დამაშაულის ჩადენისკენაა მიდრეკილი“

კონსერვატორიის სტუდენტის, 23 გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, თოხაძემ დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა.

როგორც პროკურორი საკუთარ შუამდგომლობაში აცხადებდა, ბრალდებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისკენაა მიდრეკილი და ის წარსულში, საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვისაა მსჯავრდებული.

პროკურორი გია შაიშმელაშვილი ასაბუთებდა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს. მათ შორის, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

პროკურორის თქმითვე, ეს ფაქტი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, ის ჩადენილია დანის გამოყენებით.

შაიშმელაშვილის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ თოხაძე მიიმალა და პოლიციის მიერ იქნა შეჩერებული, სულ სხვა ადგილას.

პროკურორის თქმით, ბრალდებული გასამართლებულია ოჯახის წევრის წინააღმდეგ განზრახ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებისთვის - ნაწილი პირობითი მსჯავრის ქვეშ აქვს მოხდილი, ნაწილი კი პენიტენციურ დაწესებულებაში.

სახელმწიფო ბრალდებულის თქმით, თოხაძე ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულია, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო.

შაიშმელაშვილის განმარტებით, ბრალდებულს მკვლელობა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ აქვს ჩადენილი. მისივე განცხადებით, როცა თოხაძე ნასვამია, ის ძალადობრივი ქმედებისკენაა მიდრეკილი, კონკრეტულ შემთხვევაშიც ქმედება სიმთვრალეშია ჩადენილი.

„სახეზე გვაქვს პატარა ბიჭის მკვლელობა არაფრის გამო. მან საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ის დანაშაულის ჩადენის შემდეგ დანასთან ერთად მიიმალა. რომ არა პოლიციის ოპერატიული ქმედება, შარტავას ქუჩაზე, მერიის წინ მისი შეჩერება და მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა არ გვექნებოდა",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიანდო. ადვოკატ ირმა ინასარიძის განმარტებით, თოხაძეს ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს. ამასთან ის ჩხუბის ინიციატორი არ იყო და მას ჩხუბის კვალი სახეზე ეტყობა.

ბრალდებული ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს.

ცნობისთვის, მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია