მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ანაკლიაში ყველაფერი წაგვართვეს, მაგრამ წაართვეს ქვეყანას პერსპექტივა - 5 წელი გადის და იქ არის ქვიშის გორა, ანაკლიის პორტის დამთავრება შესაძლებელია 3 წელიწადში

ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ავაღორძინოთ ძალიან მოკლე დროში საქართველოს ეკონომიკა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დიდუბეში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდა ეკონომიკური საკითხებისა, „ძლიერი საქართველოს“ გეგმაა „რუსული ოკუპაციისა და რუსული ზეგავლენის შემცირება".

„ალბათ, ყველას გახსოვთ „ქართული ოცნების“ დაპირებები: ასი ქარხანა, უფასო ფული, 5 მილიონი ინვესტიცია სოფლებში, მარიხუანას პლანტაციების გაშენება. ეს ყველას დაავიწყდა და მგონი ეს ფენომენალური ამბავია. როცა ტრადიციებზე გვესაუბრებიან, ღირსებაზე გვესაუბრებიან, ღვინის სამშობლოზე გვესაუბრებიან და ამ დროს ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, მთელი „ქართული ოცნება“ ცდილობდა, რომ მარიხუანას მწარმოებელი ქვეყანა გავმხდარიყავით. ამაზე ბევრს აღარ გავჩერდები, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავალზე.

რაც არ უნდა ბევრს შეუძლებლად ეჩვენებოდეს და კითხვები ჰქონდეს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კონკრეტული გეგმა არის: 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, 1000-ლარიანი პენსია, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის პირველი ანაზღაურებადი სამუშაოს შექმნა, ოკუპაციის და რუსული ზეგავლენის შემცირება და რაც მთავარია, იმ 9 პუნქტის შესრულება სასწრაფოდ, რათა ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც აბსოლუტურად ახალ დანამატებს მოგვიტანს. ვიღაცას ჰგონია, რომ შეუძლებელია, მაგრამ არაფერი შეუძლებელი არ არის, ჩვენ ამას შევძლებთ. ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით და ამ ქვეყანაში იქნება სერიოზული შემოსავალი, სერიოზული ეკონომიკაც და იმ ხალხს, რომელსაც დატოვებული აქვს სამშობლო, პირველს გაუჩნდება სურვილი, რომ დაბრუნდნენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ანაკლიის პორტი 3 წელიწადში აშენდება.

„მე, გუშინ წინ ვიყავი ანაკლიაში და ძალიან დამძიმებული ჩამოვედი იქიდან. ჩვენ იქ ყველაფერი წაგვართვეს, მაგრამ წაართვეს ქვეყანას პერსპექტივა. 5 წელი გადის უკვე და იქ არის ქვიშის გორა, 11 მეტრზე დაღრმავებული, უზარმაზარი სანაპირო. ანაკლიის პორტის დამთავრება შესაძლებელია 3 წელიწადში. დავიწყებთ ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. ჩინელებსაც ჩავრთავთ, მაგრამ არა ისეთ ჩინელებს, რომლებიც "კომუნისტურ პარტიას" ემსახურებიან და გაშავებული არიან მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ეს გაშავებული ჩინური კომპანიები ვნახეთ რიკოთის უღელტეხილზე. ვმოძრაობთ ამ ტერიტორიაზე და ვხედავთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო