ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებებში 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 186.5 მილიონ ლარამდეა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტები, ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულდება და შედეგად, 44 ათასამდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

უწყების ცნობით, 2023 წელს დაბა ბაკურიანში 5 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 4 პროექტი განხორციელდა. შედეგად, დაბა ბაკურიანის 10 800-მდე ბენეფიციარი უკვე სარგებლობს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კურორტის განვითარებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისათვის დაიწყო 3 პროექტი. პროექტების ფარგლებში, სრულად განახლდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი, მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აშენდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი ჯამური ღირებულება 150 მილიონ ლარამდეა.

ბაკურიანში მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან, ალექსანდრე თევდორაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

„ბაკურიანსა და ბორჯომში მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების უმნიშვნელოვანესი პროექტები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაკურიანს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება განახლებული ინფრასტრუქტურით. გრძელდება წყალარინების პროექტები და გათვალისწინებულია გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც. ასევე, სრულფასოვანი წყალმომარაგება ექნება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს - სადგერსა და ლიკანს. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის წყალმომარაგებისათვის, ისე ბორჯომისა და ბაკურიანის პერსპექტიული განვითარებისთვის, რომელსაც სრულად უპასუხებს გაზრდილი წყლის დებეტი და სრულყოფილი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

უწყების ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უახლოეს მომავალში კურორტზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება