გელათის კედლის მხატვრობის ქართული ჯგუფის თანახელმძღვანელი - კედლის მხატვრობის  საკონსერვაციო სამუშაოებს შესაძლოა 5, 7 ან 10 წელი დასჭირდეს

გელათის კედლის მხატვრობის ქართული ჯგუფის თანახელმძღვანელის, ლელა ნინოშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გელათში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები ხანგრძლივად შეიძლება გაგრძელდეს, სამონასტრო კომპლექსი მოქალაქეებისთვის მას შემდეგ გაიხსნება, რაც დროებითი გადახურვის კონსტრუქცია დასრულდება.

როგორც ლელა ნინოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოებს შესაძლოა 5, 7 ან 10 წელი დასჭირდეს.

„გელათში მიმდინარეობს კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი. ის თანმიმდევრულად მიყვება არსებულ გეგმას, რომელიც შემუშავებულია კედლის მხატვრობის კონსერვაციასთან მიმართებით. ეს მოიცავს როგორც კვლევით, ისე სამონიტორინგო და ისე ფიზიკურ სამუშაოებს. შესაბამისად, ამ გეგმის მიხედვით ხორციელდება ეს სამუშაოები თანმიმდევრულად.

ამ ეტაპზე, პარალელურ რეჟიმში მიდის კვლევითი, გადაუდებელი, საკონსერვაციო სამუშაოები და სამონიტორინგო ღონისძიებები. ჩვენს შემთხვევაში, საკონსერვაციო სამუშაოები როგორც გითხარით, მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: ეს არის კვლევითი სამუშაოები, საკონსერვაციო, ფიზიკური სამუშაოები და სამონიტორინგო სამუშაოები. სამივე მიმართულებას ვახორციელებთ პარალელურ რეჟიმში, გელათის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო საჭიროებებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება გარე სამუშაოებს, ეს კომპონენტები ხელს ერთმანეთს არ უშლის. ეს კომპონენტები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, ემსახურება ერთი მეორეს. შესაბამისად, რაც არქიტექტურაზე კეთდება, ჩვენ, კედლის მხატვრობის რესტავრატორები ვართ საქმის კურსში, ჩვენთან არის შეთანხმებული. ანალოგიურად ხდება ჩვენ, არქიტექტურასა და სხვა კომპონენტებთან მიმართებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მეორეს არათუ ხელს უშლის, ერთი მეორის დაცვას ემსახურება.

ამ ეტაპზე, ძალიან რთულია სამუშაოების ხანგრძლივობის განსაზღვრა. საკონსერვაციო სამუშაოები ისეთი სპეციფიკურია, რომ შეიძლება 5, 7 ან 10 წელი დასჭირდეს. გააჩნია როგორ მოითხოვს გელათის გადარჩენის საჭიროება ამას, თუმცა მომლოცველებისთვის გაიხსნება მას შემდეგ, რაც დროებითი გადახურვის კონსტრუქცია საბოლოოდ დასრულდება. ჩვენ არანაირად არ შეგვიშლიან ხელს მოქალაქეები, არც ჩვენ შევუშლით ხელს.

სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ სამუშაოების განხორციელება. ვიღაც რაღაც კომპრომისზე უნდა წავიდეს. ხარაჩოს გარეშე რესტავრატორები კედელთან ვერ მივლენ. მართალია, ხარაჩო რადგან დგას რაღაცების ხილვადობა შეზღუდულია, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. ჩვეულებრივი საკონსერვაციო სამუშაოები“,- განაცხადა ლელა ნინოშვილმა.

ცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაკეტილია. მისი დაკეტვის გადაწყვეტილება საპატრიარქომ 2 ივლისს მიიღო. ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს.

გელათში წვიმისა და თოვის შედეგად წყალი 2016 წლის დეკემბერში ჩავიდა, რამაც ფრესკების ნაწილი დაზიანდა. სახურავი დაზიანდა 2019 წელსაც. მიზეზი უხარისხო მასალით გადახურვა იყო. მოგვიანებით, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბრობდა, რომ გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. მათი თქმით, ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ განცხადებიდან მალევე, 2023 წლის 7 აპრილს, გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან გადაიბარა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი