ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის მისასალმებელია  ხარისხიანი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში

მისასალმებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, თუმცა, განსაკუთრებით მისასალმებელია ხარისხიანი უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ციტრუსის განახლებული საწარმოს შპს „იბერია ორბსის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება და შეუძლია ცოდნა, კვალიფიკაცია და კომპეტენცია შემოიტანოს რეგიონში.

მისივე შეფასებით, ეს არის გრძელვადიანი ინვესტორი, რომელსაც ესმის და აქვს გამოცდილება წარმოების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკვებ ინდუსტრიაში და შესაბამისად, ამ საქმის წარმატებით გაგრძელებისთვის არსებობს ყველა წინაპირობა, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ინვესტიციები იყოს წარმატებული.

„ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი - ამ საწარმოდან შესაძლოა მივიღოთ უკვე კარგად მოდერნიზებული, კონკურენტუნარიანი ახალი საწარმო, რომელსაც განვითარების დიდი პერსპექტივა ექნება - საუბარია არამხოლოდ ამ საწარმოს ახალ სიცოცხლეზე, არამედ მის შემდგომ განვითარებაზე, რაც დამატებითი წარმოების ახალი ხაზების გაშვებას გულისხმობს და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საწარმო იმ ღირებულებათა ჯაჭვში, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებას სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების, მათი მოსავლის დაბინავების კუთხით, ასევე გააძლიერებს ჩვენს საექსპორტო პოტენციალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შპს „იბერია ორბსის“ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხანა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა.

მათივე განმარტებით, საწარმო ამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის სარეალიზაციოდ, ასევე აქვს 3000 ტონამდე სამაცივრე მეურნეობა ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მზად არიან, მიმდინარე წელს შეისყიდონ და გადაამუშაონ მანდარინი ადგილობრივი ფერმერებისგან.

ციტრუსის განახლებული საწარმოს გახსნას ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია