26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მის ევროპულ მომავალს, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და მოვიპოვებთ წვდომას გაწევრიანების პროცესისთვის განსაზღვრულ მილიარდობით ევროს ფონდებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზე იმყოფება.
მისი განცხადებით, ერთ მხარეს თავისუფლებისმოყვარე ხალხია, რომელიც ევროპული მომავლისკენ ისწრაფვის, ხოლო მეორე მხარეს „რუსეთში გამდიდრებული, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მართული ხელისუფლებაა, რომელიც დასავლეთის დემონიზებას ახდენს“.
„მადლობას ვუხდი ჩვენს ჩეხ კოლეგებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის ინიციირებისთვის და მოვუწოდებ პატივცემულ კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას.
როგორც იცით, საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება, ისტორიული საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ევროპული მომავლის ბედს.
ერთის მხრივ, ჩვენ გვყავს თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც მამაცურად ისწრაფვის ევროპული მომავლისკენ, ხოლო, მეორეს მხრივ, გვყავს რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მართული ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის დემონიზებას ახდენს, საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს უთხრის, დემოკრატიული ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადებით იმუქრება, ყველაზე პროდასავლელ პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით აპატიმრებს, სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებს, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით, ბრუტალური ძალადობით არბევს მშვიდობიან დემონსტრაციებს, და ავტორიტარ მმართველებში ეძებს მეგობრებს.
26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს მის ევროპულ მომავალს, გავხსნით გაწევრიანების მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და მოვიპოვებთ წვდომას გაწევრიანების პროცესისთვის განსაზღვრულ მილიარდობით ევროს ფონდებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას. როგორც საქართველოში ვამბობთ, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. გმადლობთ საქართველოს მეგობრობისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიამ, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და საგარეო მდივანი, ზურა ჭიაბერაშვილი ესწრება.
მათივე ცნობით, რეზოლუცია ხაზს უსვამს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს მომავლისთვის.
„რეზოლუცია აღნიშნავს იმ უზარმაზარ რეგრეს, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდა, რამაც ქვეყანა იზოლაციაში შეიყვანა, რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებს, რომ გვერდში დაუდგნენ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, რათა ქვეყანა 26 ოქტომბრის შემდგომ უკვე ახალი მთავრობის პირობებში სწრაფად გამოვიდეს იზოლაციიდან და ქართველ ხალხს გაეხსნას პერსპექტივა ევროპული მომავლისკენ.
რეზოლუციაში, ასევე ხაზგასმულია ის შესაძლებლობები, რაზეც საქართველოს დაუყოვნებლივ ექნება წვდომა, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთანავე, მათ შორის, ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებზე, სამართლებრივი სისტემის, ფინანსური ინსტიტუტების, ინფრასტრუქტურისა და სოციალური სერვისების ჰარმონიზაციისთვის, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება მოხდეს“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიის სხდომაზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სიტყვით წარსდგა, რომელმაც ევროპის სახალხო პარტიას მადლობა გადაუხადა, ქართველი ხალხისა და საქართველოს ტრადიციული მხარდაჭერისთვის. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ 2007 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის წევრია.