თსსუ-ის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ატლანტაში იმყოფებოდა

2024 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი,კანცლერი, ბატონი ალექსანდრე ბუაჩიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი სამუშაო ვიზიტით ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის ეს ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ, ვინაიდან, გარდა იმ კეთილგანწყობისა და პარტნიორობის განმტკიცების სურვილისა, რომელსაც მასპინძელი მხარე გამოხატავდა, პირველად, თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა ემორის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, გრეგორი ფენვესს და პროვოსტს, რავი ბელამკონდას. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი, ქ-ნი ნატალი კრუზი, პროფესორი ჯონ უილიამ ილი, პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი. ემორის უნივერსიტეტისა და თსსუ-ის ადმინისტრაციებმა განიხილეს ინსტიტუციური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები და ემორისა და თსსუ-ის საერთო, სტრატეგიული გეგმები. შეხვედრის თემა, აგრეთვე, ეხებოდა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების სამომავლო გაფართოებას, საუნივერსიტეტო კლინიკების გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივ კვლევით ინიციატივებს, შესაძლებლობებს სამედიცინო განათლებაში და სხვა.

"ატლანტაში შეხვედრები გაიმართა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილესთან, პროფესორ გორდონ ჩერჩვორდთან, ემორის უნივერსიტეტის სტუდენტთა კლინიკური სწავლების ადმინისტრაციულ ხელმძღვანელთან, ქ -ნ. ბარბარა ბინგემსთან და კოორდინატორებთან, ქ-ნ. მერი კეი გარსიასა და ქ-ნ. კასანდრა ნიკოლ კალანთან. შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების კლინიკურ სწავლებაში მონაწილეობის განახლებული პირობები, გრაფიკები, მოთხოვნები, საჭირო დოკუმენტაცია, რაც მნიშვნელოვანი მხარდჭერაა კლინიკური სწავლების ფარგლებში, კლერკშიფებში მონაწილე თსსუ-ის სტუდენტების ემორის უნივერსიტეტში ვიზიტის ეფექტურად დაგეგმვის თვალსაზრისით.

სამუშაო შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის თსსუ-ის სასწავლო გეგმების, კლინიკური ბაზებისა და სასწავლო გაცვლითი პროგრამების განვითარების პერსპექტივებზე.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის განათლების უფროს კონსულტანტთან, პროფესორ ჯო ლე დუქსთან შეხვედრისას განხილულ იქნა სამედიცინო განათლების მიმდინარე და სამომავლო საკითხები, ინოვაციური პედაგოგიკა და სტუდენტების სრულყოფილად მომზადების მნიშვნელობა სწრაფად განვითარებადი ჯანდაცვის პირობებში.

თსსუ-ის დელეგაცია, შეხვდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებულ დეკანს, პროფესორ ჯონ უილიამ ილისს, რომელმაც სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ემორის უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების კუთხით დანერგილი სიახლეების შესახებ და მიმოიხილა მედიცინის პროგრამის სასწავლო გეგმა, კლინიკური და კვლევითი სწავლების ინტეგრაცია და სტუდენტების მხარდაჭერის მოქმედი მექანიზმები. ასევე, განხილულ იქნა ზემოაღნიშნული მიმართულებებით ემორისა და თსსუ-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პოტენციური გზები.

საინტერესო შეხვედრა შედგა ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის პროფესორ დუგლას ანდერთან და ემორის უნივერსიტეტის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ მერი ჯო ლეკოვიჩთან.

მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ახლადარჩეულ დეკანთან, ქალბატონ სანდრა ვონგთან ვიზიტი, რომელსაც ესწრებოდნენ თსსუ-ის პარტნიორები ემორის უნივერსიტეტიდან: პროფესორები დუგლას ანდერი, გორდონ ჩერჩვორდი, მერი ჯო ლეკოვიჩი, ნატალი კრუზი (რომელიც გახლავთ ემორის უნივერსიტეტის გლობალური სტრატეგიებისა და ინიციატივების ასოცირებული დირექტორი). ამ შეხვედრის დროს განხილულ იქნა საერთო ინსტიტუციური თანამშრომლობის საკითხები.

თსსუ-ის დელეგაცია, აგრეთვე, შეხვდა ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის სწავლების სამსახურის დირექტორს, პროფესორ დანიელ დრესლერს, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია ემორის უნივერსიტეტში დანერგილი სასწავლო სერვისების, კერძოდ, ინტეგრირებული კლინიკური სწავლების შესახებ ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლებში. მან, ასევე, სტუმრებს გააცნო პროექტი, სწავლების მსგავსი მოდელის დანერგვის პერსპექტივაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო ტური ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომლის მიზანიც გახლდათ მენეჯმენტის სისტემის ადგილზე გაცნობა. ემორის საუნივერსიტეტო კლინიკების პრეზიდენტმა, პროფესორმა მეთიუ უეინმა, კოლეგებთან ერთად, თსსუ-ის წარმომადგენლებს ჰოსპიტლებში მენეჯმენტის სისტემისა და სტუდენტების კლინიკური სწავლების ამერიკული მოდელი გაუზიარა.

ვიზიტის დასასრულს, თსსუ-ის ადმინისტრაცია იმყოფებოდა ქ. ატლანტაში არსებულ აუტიზმის ორ უდიდეს ცენტრში (მარკუსის აუტიზმის და ემორის აუტიზმის ცენტრები). დელეგაციას საშუალება მიეცა ადგილზე ენახა და გაცნობოდა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამებსა და გარემოს სპეციფიკას.

მარკუსის აუტიზმის ცენტრი ატლანტაში არაკომერციულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც აფილირებულია ატლანტის ბავშვთა ჯანდაცვასა და ემორის უნივერსიტეტთან. ეს არის აუტიზმის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი აშშ-ში, რომელიც ბავშვებს და მათ ოჯახებს სთავაზობს კლინიკურ მომსახურებას, კვლევას და ტრენინგს, ასევე, სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის დიაგნოსტიკას, ქცევით თერაპიასა და ოჯახის მხარდაჭერის პროგრამებს. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მარკუსის აუტიზმის ცენტრში არსებობს მსოფლიო მასშტაბით იშვიათი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია აუტიზმის ადრეული, კერძოდ, ორი თვის ასაკიდან დიაგნოსტიკა.

ემორის აუტიზმის ცენტრი (EAC) არის ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნაწილი და სპეციალიზებულია აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) მქონე პირთა (ყველა ასაკობრივი ჯგუფი) მომსახურებაზე. ცენტრი სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას, მათ შორის დიაგნოსტიკურ შეფასებებს, თერაპიულ ინტერვენციებს, საგანმანათლებლო დახმარებას და ოჯახის გადამზადების პროგრამებს. ასევე, მონაწილეობს კვლევაში, რომელიც ორიენტირებულია აუტიზმის მქონე პირების ცხოვრების გაუმჯობესებაზე. ემორის აუტიზმის ცენტრი ახდენს საზოგადოების ინფორმირებულობასა და მხარდაჭერის სისტემების დანერგვას.

აუტიზმის ცენტრებში ვიზიტისას დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი პარტნიორები დაეხმარებიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამ მიმართულებით ახალი სერვისების ჩამოყალიბებაში, ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის არსებული სერვისების გაძლიერებაში სხვადასხვა გზით, მათ შორის, პერსონალისთვის სასწავლო ტრენინგების ჩატარებით და იმ გამოცდილების გაზიარებით, რომელიც შეეხება ამ დარგში მიმდინარე სიახლეებს.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრები თსსუ-ის ხელმძღვანელობასა და ემორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და აკადემიურ პერსონალს შორის იყო უაღრესად პროდუქტიული. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, განამტკიცონ გრძელვადიანი პარტნიორობა, რომელიც სარგებელს მოუტანს თსსუ-ის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და საბოლოო ჯამში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი