ზვიად ქორიძე - ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას განუმარტოს არა ის, რაც დაწერა, არამედ, რეალურად, რატომ მიაღებინა რაჟდენ კუპრაშვილს ის გადაწყვეტილება და ახლა რატომ აიძულებს, რომ უკან გაიტანოს

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას განუმარტოს არა ის, რაც დაწერა, არამედ, რეალურად, რატომ მიაღებინა რაჟდენ კუპრაშვილს ის გადაწყვეტილება და ახლა რატომ აიძულებს, რომ უკან გაიტანოს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც ქორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მთავრობაში არის სრული გაუგებრობა, შეუთანხმებლობა და ქაოსი. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები იმის ნიშანია, რომ წინასაარჩევნო პროცესში მთავრობა ყოველმხრივ ეცდება, დააზიანოს ნორმალური საარჩევნო გარემო.

„არასამთავრობო ორგანიზაცია არაფერს სპეკულანტობს, არასამთავრობო ორგანიზაციას ამ საარჩევნო პროცესში აქვს გაცხადებული თავისი პოზიცია, რომ მას უნდოდა და აქვს მიზნად სადამკვირვებლო მისიის შექმნა და ამ არჩევნების სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის მონიტორინგის განხორციელება და ამას აუცილებლად გააკეთებს იმიტომ, რომ ძალიან აქტიურია ჩვენი საზოგადოება, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ იყოს დამკვირვებელი და ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს. მაშინაც, როცა მიიღო გადაწყვეტილება რაჟდენ კუპრაშვილმა და სასამართლომაც არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა მისი გადაწყვეტილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვთქვით, რომ მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ყველა ის ადამიანი, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” მუშაობს, ყველანაირად შეეწეოდა ამ სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება რაჟდენ კუპრაშვილმა, თავად მას ჰკითხეთ, რა მომწიფდა მის თავში და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძეს ჰკითხეთ იმიტომ, რომ ისინი ცალ-ცალკე არ არიან, ისინი არიან ერთი მთლიანობა იმიტომ, რომ რაჟდენ კუპრაშვილი არის დანამატი ამ მთავრობის და რაკიღა ირაკლი კობახიძე დღეს იღებს ამ გადაწყვეტილებას, უნდა ვთქვათ, რომ მთავრობაში არის სრული გაუგებრობა, შეუთანხმებლობა და ქაოსი და ეს ძალიან კარგად უნდა დაინახოს ჩვენმა საზოგადოებამაც. მე მგონი, კარგადაც ხედავს და აფასებს, რომ ეს, რაც ახლა ხდება, ნიშნავს იმას, რომ წინასაარჩევნო პროცესში მთავრობა ყოველ მხრივ ეცდება, რომ დააზიანოს ნორმალური საარჩევნო გარემო. ბოლო ერთი კვირაა, ამას ჩვენ ვუყურებთ.

მე ძალიან მაინტერესებს, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას განუმარტოს არა ის, რაც დაწერა, არამედ, რეალურად, რატომ მიაღებინა რაჟდენ კუპრაშვილს ის გადაწყვეტილება და ახლა რატომ აიძულებს, რომ უკან გაიტანოს აღნიშნული გადაწყვეტილება”, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მას მიზანშეწონილად მიაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.

“სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოუცხადა”, - წერია პრემიერის განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო