აუცილებელია განვავითაროთ, როგორც საზღვაო, ისე საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ინფრასტრუქტურა. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი, რაც მილიარდობით ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს და 10 000 მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილის შექმნის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
ურუშაძის თქმით, „ადამიანებს აღარ მოუწევთ ემიგრაციაში წასვლა და მათ ექნებათ პერსპექტივა, ოჯახის წევრებთან ერთად მიიღონ ყველა ის კეთილდღეობა, რაც არის შესაძლებელი ევროკავშირის გზაზე“.
„შემოსავლების ზრდა, ეს იქნება პირველი ამოცანა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის“, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობისა და მაფიოზური კლანური კორუფციული მმართველობის დასრულება. ეს უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს და პრიორიტეტი მიენიჭოს ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას. ბიზნესის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ხელშეუხებლობა უნდა იყოს მთავარი გარანტი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის“. წარსულში დაშვებული შეცდომები ბიზნესთან მიმართებით უნდა აღმოიფხვრას და სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს კერძო ბიზნეს საქმიანობის განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რისთვისაც აუცილებელია საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ამისთვის, ასევე აუცილებელია საბანკო ოლიგარქიის დამარცხება. ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებს, რომ შემოვიდეს საქართველოში. ჩვენი კერძო მეწარმეებისთვის, ბიზნესისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი გლობალური ეკონომიკის ფინანსური რესურსები. ჩვენ უნდა გავხდეთ სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური ჰაბი, რისთვისაც აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. სწრაფი ტემპით უნდა დამთავრდეს აღმოსავლეთ-დასავლეთით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და მეტიც, ჩვენ უნდა დავიწყოთ ალტერნატიული მაგისტრალის მშენებლობა, გლობალური მიზნებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს შუა დერეფნის განვითარებას. ამისთვის ევროკავშირისგან 50 მილიარდია გამოყოფილი. ჩვენ უნდა განვავითაროთ, როგორც საზღვაო, ასევე საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ინფრასტრუქტურა;მეგა აეროპორტის მშენებლობა თბილისში, რომელიც იქნება ჰაბის ფუნქციის მატარებელი და ავიაციის განვითარება, იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც მილიარდობით ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას მოგვცემს და 10 000 მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნის. ევროპული რკინიგზა, ევროპული სტანდარტებით, ევროპული შემოსავლებით, ევროპული უსაფრთხოებით მოგვცემს ასევე შესაძლებლობას, რომ შემოსავალი გაიზარდოს, როგორც რკინიგზაში დასაქმებული ადამიანებისთვის, ასევე მთლიანად სატრანსპორტო ლოგისტიკურ სფეროში. ჩვენ, როგორც წინა ხელისუფლების დროს მოვახერხეთ სომხეთთან და ყაზახეთთან ნებართვების გაუქმება, ასევე ევროკავშირთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, კავკასიის რეგიონთან, ყველა სახელმწიფოსთან გვექნება შესაძლებლობა გავაუქმოთ ბიუროკრატია, ე.წ. ნებართვები, რაც არის კორუფციის და ნეპოტიზმის ჭაობი. ქართველი გადამზიდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი.
საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო საზღვაო ტრანსპორტის სექტორში და ქართველი მეზღვაური უნდა ახერხებდეს ღირსეული დასაქმების პერსპექტივის შენარჩუნებას უკვე ქართული დროშით მცურავ გემებზე. ეს ყველაფერი შექმნის 100 000 სამუშაო ადგილს, რომელიც იქნება მაღალანაზღაურებადი. ადამიანებს აღარ მოუწევთ ემიგრაციაში წასვლა ღირსეული დასაქმების საძიებლად, არამედ საქართველოში, მდიდარ სახელმწიფოში ექნებათ პერსპექტივა. მათ ექნებათ პერსპექტივა ოჯახის წევრებთან ერთად მიიღონ ყველა ის კეთილდღეობა, რაც არის შესაძლებელი ევროკავშირის გზაზე. არჩევანი მარტივია, ან სიღატაკე იზოლაციაში, ან ევროკავშირში კეთილდღეობა“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.