„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გაერო-ში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე, მოსახლეობის აღწერებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, შვეიცარიაში, ჟენევაში მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერებთან დაკავშირებით პანელური დისკუსიები იმართება. განიხილება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, მოსახლეობის აღწერის ფარგლებში მონაცემთა შეგროვების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების, ასევე მონაცემთა გავრცელების თანამედროვე საშუალებების შესახებ.

შეხვედრის მიმდინარეობისას გოგიტა თოდრაძემ მონაწილეებს 2024 წელს საქართველოში დაგეგმილი მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, აღწერის ფარგლებში უკვე შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების, აგრეთვე საქსტატის მიერ დანერგილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

აღნიშნული შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და მასში 55-მდე ქვეყნის 100-ზე მეტი მონაწილე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის აღწერებთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების, მიღწეული პროგრესის შეფასებისა და გაეროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„საქსტატის“ ხელმძღვანელთან ერთად აღწერის კვირეულში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პაატა შავიშვილი მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ამასთან, პირველად აღწერების ისტორიაში, „საქსტატი“ აღწერას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (თვითრეგისტრაციისა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით), ქაღალდის კითხვარების გარეშე ჩაატარებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება