საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სურვილი გამოთქვა, თემურ ჯანაშიას დაკითხვას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაესწროს. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც გაირკვა, რომ სხდომაზე დაცვის მხარის ერთ-ერთი მოწმე ვერ გამოცხადდა და ბრალდებული თეიმურ ჯანაშია უნდა დაეკითხათ.
სააკაშვილმა მოითხოვა, მისი სასამართლოში დასწრება უზრუნველყონ.
„მე მინდა, რომ თვითონ დავესწრო ჯანაშიას დაკითხვას. ამას ვითხოვ თუ შეიძლება და გააკეთეთ ამის ორგანიზება. გააკეთეთ ორგანიზება წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ რა აზრი აქვს დაკითხვის ჩატარებას", - განაცხადა სააკაშვილმა.
მოწმის სასამართლოში ვერ გამოცხადების შემდებ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დაცვის მხარეს ბრალდებულ ჯანაშიას დაკითხვაზე გადასვლა სთხოვა, თუმცა, დაცვის მხარემ განმარტა, რომ ჯანაშიას დასაკითხად და პოზიციების შესაჯერებლად დრო სჭირდებოდათ.
მოსამართლის განმარტებით, ეს ყველაფერი დემარში იყო.
„ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკა და დესტრუქცია, დღევანდელი პროცესის ჩაშლის, ვინაიდან დაცვის მხარე არ ხართ პროცესის გაგრძელებით დაინტერესებული, გაურკვეველი ვადით გადავდებ",- განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა და სხდომა განუსაზღვრელი ვადით გადადო.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სხდომის გადადების მიზეზი პროცესის დასრულების შემდეგაც განმარტა.
„პროცესზე განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა მე მეკისრება, დღეს კონკრეტული მოწმე უნდა მომეყვანა, სამწუხაროდ, ამ მოწმის სასამართლოში წარმოდგენა ვერ შევძელი. ვინაიდან საქმეზე ბოლოში ვართ გასული, თემურ ჯანაშია უნდა დამეკითხა, ვინაიდან ის ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი პირია, როგორც ინფორმაციული თვალსაზრისით, ასევე სტატუსის თვალსაზრისით, ამიტომ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომ პროცესში უშუალოდ უნდა მონაწილეობის მიღება. ამიტომ პროცესის გადადების მიზეზი შოთა თუთბერიძის პოზიცია გახდა, ვინაიდან ის თეიმურაზ ჯანაშიას დაკითხვისთვის არ იყო მზად, რადგან სხვა მოწმეს ელოდებოდა",- განაცხადა ბასილაიამ.
მისთვის უცნობია, სააკაშვილის განცხადება ზოგადად სასამართლოში სიარულს ეხებოდა, თუ უშუალოდ თეიმურაზ ჯანაშიას დაკითხვას.
შემდეგ სასამართლო პროცესზე ჩვენებას მიხეილ ჯანაშია მისცემს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.