მაიკლ კარპენტერის პოზიცია ნამდვილად არ არის გასაკვირი, არაერთგზის დაფიქსირებულა მათგან მსგავსი პოზიცია - აშშ ნამდვილ ჭეშმარიტებას უსაბუთებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ თუკი საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, არჩევნებიც უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ მაიკლ კარპენტერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ლევან სანიკიძის განცხადებით, აშშ ყოველთვის აცხადებს, რომ ისინი ქართველი ხალხის მხარეს დგანან.
„ამერიკის შეერთებული შტატებისგან ეს პოზიცია ნამდვილად არ არის გასაკვირი. მათ არაერთგზის აქვთ დაფიქსირებული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ასევე, რაც მთავარია „ქართული ოცნება“ არღვევს ადამიანის უფლებებს, მიდის ქართველი ერის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ. ამ ვითარებაში ამერიკელი ხალხი, ამერიკის ხელისუფლება როგორც ყოველთვის, ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დგას ჩვენი ხალხის გვერდით. ისინი არასდროს არ ირჩევენ ხელისუფლების პოზიციას, არ დგანან ხელისუფლების მხარეს, ისინი მკაფიოდ აცხადებენ, რომ ყოველთვის დგანან ქართველი ხალხის მხარეს. გასაკვირი არ არის, რომ აშშ საუბრობს, აცნობს მათ მომავალ ნაბიჯებს და პოზიციებს იმ ადამიანს თუ ოფიციალურ პირს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის პოზიციას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრობს. ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება ევროკავშირში ინტეგრაცია და ახალი კოალიციური პროდასავლური ხელისუფლება.
მაიკლ კარპენტერს დღეს აშშ-ის ხელისუფლებაში ძალიან დიდი გავლენა აქვს. უშუალოდ ჩართულია სანქცირების პროცესთან დაკავშირებით. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე იმყოფებოდა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე აშშ-ში, სადაც კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი დასახელდნენ პრეზიდენტობის კანდიდატად. მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ კარპენტერი, არამედ სრულად როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირისკენ და გამოხატავენ იმ საგანგაშო სიგნალებს, რომელიც „ქართული ოცნების“ ნაბიჯების მიმართ არსებობს; რომ მათ გადაუხვიეს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას, ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის გაფრთხილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე იღებს. დემოკრატიული საზოგადოებისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი, ნამდვილ ჭეშმარიტებას უსაბუთებენ ჩვენს ხელისუფლებას, რომ თუ კი ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, არჩევნებიც უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად. ამიტომ, აქ არაფერი გასაკვირი არ არის“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის სიტყვასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პარტიაში განმარტავენ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანას 180 გრადუსით აშორებს ევროინტეგრაციიდან და რომ აშშ გააგრძელებს ზომების მიღებას, „თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი“.