სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა.
სოფო ხორგუანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, კომისია შექმნას.
„მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგენს. კერძოდ, 90-იანი წლებიდან დღემდე რეგიონში გაჭირვებისა და უმუშევრობის პრობლემა გადაუჭრელია. თითქმის ყველა ოჯახში კაცების დიდი ნაწილი სახლში მხოლოდ ზამთარს ატარებს, სხვა დროს კი ოჯახებთან ერთად შრომით მიგრაციაში იმყოფებიან. მიდიან რუსეთში სამშენებლო თუ სხვა სახის ფიზიკურ სამუშაოზე. წასვლის გამარტივების მიზნით, მათი უმრავლესობა იძულებული გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო, რის გამოც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა. შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანებს, ისედაც გაჭირვებაში მყოფებს, კიდევ უფრო გაურთულდათ ყოფითი პირობები და ვერ სარგებლობენ ელემენტარული და სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსებით (მაგალითად, ჯანდაცვის, განათლების და ა.შ. პროგრამებით). სწორედ ამიტომ, პრობლემის მოგვარება საარჩევნო დაპირებად იქნა გაცემული. თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა და პრობლემა პრობლემაა დღესაც.
მოქალაქეობის აღდგენა ისეთ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რაც მათთვის ხელმიუწვდომელი და შეუძლებელია. არც ქართული ენა იციან და ტრანსპორტის არარსებობის გამო, ნინოწმინდასა და ახალქალაქში არსებული ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლებიც შესაბამისად ხელმიუწვდომელია სოფლის მოსახლეობისათვის. ადამიანები ვერ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევის პროგრამებით. უფრო მეტიც, მათ როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, განსაზღვრულზე უფრო მეტის გადახდა უწევთ. შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანების პირადი, სოციალური, კულტურული და ემოციური კავშირები სწორედ საქართველოსთან არის დაკავშირებული. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ გამოსავალი დღემდე ვერ შეთავაზა მათ. შესაბამისად, ვერ ხდება მათი ინტეგრაცია. ღრმავდება გაუცხოება მათსა და სახელმწიფოს შორის და მძიმე სოციალურ ტვირთად აწვება ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ და მოვითხოვ, შექმნათ კომისია ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, იუსტიციის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო), რათა მოძებნოთ გამოსავალი და უსასრულოდ არ გააგრძელოთ ათასობით ადამიანის სასიცოცხლო ინტერესების უგულებელყოფა. დროულად შეთავაზეთ მათ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების თანმხვედრი, რეალური და ხელმისაწვდომი იქნება მათთვის“, - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა.