თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ „კრედიტ სუისის“ თანხები აშშ-ს ან ევროკავშირს დაკავებული აქვს - მაშინაც კი როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია „კრედიტ სუისმა“ საბაბად გამოიყენა იმისათვის, რომ თანხები არ გადმოერიცხა, მაშინაც კი ჩვენ არ გვითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ამ თანხებს აკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალური ომის პარტიას პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებზე, ბიუროკრატებზე აქვს.
„ამ ბანერს პასუხი გაეცა. ორ წინადადებიანი ბანერი იყო, რასაც დეტალური პასუხი გაეცა. მათ შორის, ამ ბანერზე სიცრუე იყო განთავსებული, რატომღაც საელჩო შეცდომაში შეიყვანეს. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ „კრედიტ სუისის“ თანხები აშშ-ს ან ევროკავშირს დაკავებული აქვს. მაშინაც კი როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია „კრედიტ სუისმა“ საბაბად გამოიყენა იმისათვის, რომ თანხები არ გადმოერიცხა, მაშინაც კი ჩვენ არ გვითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ამ თანხებს აკავებს. სიცრუე, სწორედ ის იყო, რაც ამ ბანერზე ეწერა. რატომ დაიწერა ეს ტყუილი? რატომ ეუბნებიან არასწორ ამბავს ქართველ ხალხს?
ჩვენ ვამბობდით, რომ არის გლობალური ომის პარტია, რომელიც ასეთ პროცესებზე ზემოქმედებას ახდენს. მათ შორის, პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებზე, ბიუროკრატებზე აქვს, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიმართულებითაც.
დეზინფორმაციაში არ გვამხელენ, არამედ გვაბრალებენ. ტყუილია, ჩვენ დეზინფორმაციას არასდროს არ ვავრცელებთ. ჩვენ ვამბობთ, რაც არის ჩვენი ინფორმაცია, ან საპირისპირო დაამტკიცონ, ან ნუ საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ტყუილს ვავრცელებთ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში საუბარი იყო - ბიძინა ივანიშვილის პირად კომუნიკაციაზე, მის პირად შეხვედრებზე პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან. მან თქვა ერთი მარტივი რამ, ვიდრე ფინანსური შანტაჟი გრძელდება, ის თავს იკავებს, იმიტომ, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის და ბიუროკრატის მიმართ, რომელსაც შეიძლება მასთან შეხვედრის სურვილი ჰქონდეს, არსებობს ეს რისკი, რომ შეიძლება ის გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ, მთლიანად გუნდი ვინარჩუნებთ კომუნიკაციას, მათ შორის პოლიტიკოსებთან, ბიუროკრატებთან. პირველ რიგში, ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ სწორ მომენტში (და ეს მოხდება აუცილებლად მომავალ წელს) ვიზრუნოთ მაქსიმალური ინტენსივობით ურთიერთობის გადატვირთვაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც მათ მოჰყავთ დიაგრამა, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა და შემდეგ საკუთარი შედეგები ჩაასწორა.
„ჯერ ერთი 1.8 % არის 35 000-ზე მეტი ხმა. არ შეიძლება საელჩოს ბანერზე მანიპულაცია მოცემული იყოს. როცა ამბობ, რომ 1.8% რა მოხდა? ნახეთ მაშინ რა გაკეთდა, ISFED რას ამბობდა. მაშინ 1.8% არ იყო. როდესაც საბოლოო ჯამში, დაიდო იმ ოქმების მონაცემები ის მთელი ქვეყნის მასშტაბით არ იყო, ცდომილება იყო არა 1.8%, არამედ თუ არ ვცდები 2.5%. „ქართული ოცნების“ შედეგის ცდომილება იყო არა 1.8%, არამედ 2.5%, შესაბამის ოქმებს თუ დაადარებდით. ეს არის პირველი მანიპულაცია, რომელიც საელჩოს ბანერზეა და მინდა ვთხოვო ელჩს, რომ ამ მანიპულაციას კარგად ჩაუღრმავდეს, რომელიც მისი საელჩოს თანამშრომლებმა განახორციელეს. მეორე, 2.5% არის 50 000 ხმა, ანუ ISFED ამტკიცებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 50 000 ხმა გააყალბა. ეს მეორე მანიპულაცია. ამ 50 000 ხმის გაყალბების საბაბით რადიკალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში რევოლუციას გვიწყობდა, რასაც პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა „ენჯეობის“ და ორი ელჩის მხრიდან, ეს მესამე, რაც ამ ბანერზე ნახსენები არ არის“, - აღნიშნა კობახიძე.