მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას პასუხობს

მმართველი პარტიის პლატფორმა „სინამდვილეში“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში

გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს.

პლატფორმა „სინამდვილეში“ აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის საელჩოს მხრიდან „არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი პარტიის წინააღმდეგ ამგვარი ბრალდების წაყენება არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის ტოლფასია“.

„აშშ-ის საელჩო ავრცელებს განცხადებას, სადაც მოჰყავს აშშ-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები იმის საილუსტრაციოდ, თითქოს ISFED-ის მიერ ცრუ შედეგების გავრცელებას არანაირი როლი არ ჰქონია ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების და რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში.

#სინამდვილეში, თავად საელჩოს განცხადება შეცდომაში შემყვანია.

რეალობა კი შემდეგია:

საელჩოს განცხადებით, მონაცემებს შორის სხვაობა 1,8%-ს შეადგენდა. სინამდვილეში, ეს თავად ISFED-ის პირველ და კორექტირებულ მონაცემებს შორის სხვაობაა, რაც არარელევანტური შედარებაა. რაც შეეხება ცესკოს მონაცემსა და ISFED-ის მონაცემს შორის სხვაობას, ის 2,4% იყო, რაც 45000 ხმას უდრის. ამასთან, საელჩოს განცხადების ტონალობა ქმნის ისეთ აღქმას, თითქოს 2-3% სხვაობა დიდი არაფერია. სინამდვილეში კი, ამ სხვაობით ISFED-მა ხელისუფლებას 45000 ხმის გაყალბება დააბრალა.

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგებისგან განსხვავებული პარალელური დათვლის შედეგების მიღება ნიშნავდა, რომ ეჭვის ქვეშ დადგა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების კეთილსინდისიერად შეჯამება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობდა, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები გააყალბა.

საელჩო გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ პარალელური დათვლის შედეგი იყო ასევე ISFED-ის ცრუ დასკვნა, რომ თითქოს უბნების 8%-ში იყო ბიულეტენების დისბალანსი, რასაც 4.1%-იანი სხვაობა შეიძლება გამოეწვია. გარდა ამისა, ეს მტკიცება გულისხმობდა იმას, რომ დაახლოებით 300 უბანზე ვიღაცამ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში უკანონოდ ჩაყარა ან ე.წ. კარუსელი მოაწყო, ანუ მოხდა არჩევნების მასიური გაყალბება.

საელჩო, ასევე, გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ ISFED-მა იცოდა, რომ ეს მონაცემები იყო მცდარი, იცოდა, რომ ამ ცრუ მონაცემებს ოპოზიცია იყენებდა არჩევნების დელეგიტიმაციის და რევოლუციური სცენარის ამუშავების საბაბად და განზრახ არ უმხელდა ამ ფაქტს საზოგადოებას.

საელჩო ასევე გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ ამერიკის სამთავრობო უწყებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID), იცოდა, რომ ISFED ავრცელებდა პარალელური დათვლის ცრუ შედეგებს და არ უმხელდა ამ ფაქტს საზოგადოებას.

წინასაარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის საელჩოს მხრიდან არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი პარტიის წინააღმდეგ ამგვარი ბრალდების წაყენება არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევის ტოლფასია”, - წერია მმართველი პარტიის პლატფორმის - „სინამდვილეში“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინტერესდება თუ რატომ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-სთან პარტნიორობას რისკის ქვეშ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში, მათ მოჰყავთ დიაგრამა, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა და შემდეგ საკუთარი შედეგები ჩაასწორა.

მათივე ინფორმაციით, პირველად გამოქვეყნებული შედეგებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება დადასტურდა, თუმცა შეცვლილ მონაცემებში მმართველ პარტიას დამატებით ხმების 1.8% ჰქონდა აღებული.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.10.2024
გიორგი ანთაძე - აქამდე არასოდეს დამდგარა საქართველოს სტრატეგიული პროდასავლური კურსის გადახედვის საკითხი, ისევ დადგა ხანგრძლივი ერთპარტიული მმართველობის დამყარების საფრთხე
კახა ოქრიაშვილი - ზუსტად ვიცი, რომ დმანისში თავისუფალი, ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელსაც ვერავინ დაიმონებს!