ასეთი განცხადებები, სამწუხაროდ, ჰგავს მცდელობას, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, რაიმე პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს და რამენაირად დარჩნენ ზედაპირზე, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული “ქარდების” შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი განცხადებების მოსმენა სამწუხაროა.
„პირველ რიგში, ვიტყვი დღევანდელ ქარდთან დაკავშირებით, რომ თითქოს დემოკრატიებში პარტიები არ იკრძალებიან. ამ განცხადების ავტორს შეგვიძლია შევახსენოთ, რომ ევროკავშირის მასშტაბით 150-მდე პარტიაა აკრძალული. მათ შორის, მოლდოვასა და უკრაინაში ერთი ოპოზიციური პარტიაც აღარ არის დარჩენილი, ერთი განსხვავებული ხმის ამოღების საშუალებაც კი არ არის დარჩენილი ამ ქვეყნებში და მავანნი ჩვენ იმაში გვადანაშაულებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც დამნაშავეა და მათი მთავარი დანაშაული ქვეყნის ინტერესების ღალატია, რასაც 2004-2012 წლებში ისინი პერმანენტულად ახორციელებდნენ, ამას თითქოს, ჩვენ დანაშაულად გვითვლიან. რა თქმა უნდა, ასეთი მცდელობები არავის გამოუვა, იმიტომ რომ სიმართლე ძალიან კარგად იცის ქართველმა ხალხმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და დანაშაულებრივი რეჟიმი ერთმანეთთან ტოლობის ნიშნით არის დაკავშირებული”, - განმარტა გორდულაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას, გორდულაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის საარჩევნო კამპანია არ არის სხვა არაფერი, თუ არა გარედან, უცხო ქვეყნებში და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებში გაკეთებული განცხადებების კომენტირება.
„რაც შეეხება ზოგადად ასეთი ქარდების გამოქვეყნებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სულ რაღაც 3 კვირა დარჩა არჩევნებამდე. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ასეთი განცხადებების მოსმენა სამწუხაროა. ასეთი განცხადებები, სამწუხაროდ, ჰგავს მცდელობას, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენს, რაიმე პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს, რამენაირად დარჩნენ ზედაპირზე. შემდეგ როგორც ჩვენ ამ პასუხების გაცემა გვიწევს, ასე გავიდეს “ნიუსებში” და შემდეგ გარედან გაკეთებულ განცხადებებსა და კომენტარებზე, მათ შორის კონკრეტული საელჩოების განცხადებებზე, კომენტარები გააკეთონ. მათი საარჩევნო კამპანია არ არის სხვა არაფერი თუ არა გარედან, უცხო ქვეყნებში და უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებში გაკეთებული განცხადებების კომენტირება. წინა საარჩევნო კამპანია კომენტირება ნამდვილად არ არის. ეს არ არის ფეხბურთის მატჩი”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. გარდა ამისა, საელჩომ დღეს კიდევ ერთი ქარდი გამოაქვეყნა წარწერით „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.