ანა ნაცვლიშვილი - მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გასაჯაროვდა, რომ სოფელ გომში ჩამოვიდოდი, ადგილობრივი სამსახურები დაფაცურდნენ, დაიწყეს დანგრეული ხიდის გალამაზება და გასუფთავება

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი კოალიციის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიის რაიონის სოფელ გომში, სახნავ-სათეს სავარგულებზე მისასვლელი დაზიანებული ხიდ-ბოგირის ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის თანახმად, დეპუტატი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, თვეობით შეჩერებული სამუშაოების მიზეზებით დაინტერესდა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ძლიერი საქართველოს" ანონსი გავრცელდა, რომ კოალიციის ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოფელ გომში მცხოვრებლებს შეხვდებოდა და მათთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიას დაათვალიერებდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეკრიბა თვითმმართველობაში დასაქმებული თანამშრომლები, გამოიყვანა ტექნიკა და მას ადგილზე “ვითომ დაწყებული სამუშაო პროცესი" დაახვედრა.

„ჩვენ ვიმყოფებოდით სამტრედის რაიონის სოფელ გომში, სადაც თვეებია ჩანგრეულია მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდი და ისე დამთავრდა რთვლის პერიოდი, რომ ეს ხიდი ადგილობრივმა ხელისუფლებამ არათუ არ შეაკეთა, მოსამზადებელი სამუშაოებიც კი არ დაიწყო.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მომმართეს და დავაანონსე, რომ დღეს აქ ჩამოვიდოდი და უშუალოდ გავეცნობოდი ვითარებას. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გასაჯაროვდა, ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურები დაფაცურდნენ და როგორც თავად თქვეს, დაიწყეს ხიდის გალამაზება და გასუფთავება. ეს ყველაფერი არის ძალიან სიმპტომატური, ასე მუშაობს „ქართული ოცნება". მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოსავალი დროულად აიღონ და დააბინაონ და სწორედ ეს ხიდი აშორებს მათ სახნავ-სათეს სავარგულებს და სახლებს ერთმანეთთან. მოსახლეობას ეუბნებიან, რომ შემოვლითი გზით იარონ. ეს შემოვლითი გზა კი, დამატებით დროს და საწვავს საჭიროებს. ხელისუფლება ადგილობრივებს ეუბნება, რომ ეს მძიმე ფინანსური ტვირთი ისევ მათ, გაღატაკებულმა ხალხმა იტვირთოს, იმიტომ რომ ხელისუფლებას ხალხი არ ანაღვლებს. მხოლოდ დღეს მოვიდნენ და დაფაცურდნენ, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მოვდიოდი აქ და ადგილზე გავეცნობოდი ვითარებას. კარგია, რომ დღეს მაინც დაიწყეს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს აქ მოსული ადამიანების კომპეტენცია ნამდვილად არ იძლევა იმედს, რომ ხიდის მშენებლობაზე და უსაფრთხოებაზე იქნებიან პასუხისმგებლები, და, მათ ვერანაირი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

დღეიდან გომის ხიდის მშენებლობის საკითხს პირად კონტროლზე ავიყვან და „ძლიერი საქართველოს" ადგილობრივი წარმომადგენლები ყოველდღიურად გააკონტროლებენ, რომ სწრაფად აშენდეს ეს ხიდი. მართალია, უკვე დაგვიანებულია წლევანდელი მოსავლის აღებისთვის, მაგრამ ხელისუფლებიდან წასვლამდე ეს ერთი ხიდი მაინც დატოვონ აშენებული გომის მოსახლეობისთვის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ძლიერი საქართველოს" ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი ასევე, ადგილზე გაეცნო მოსახლეობის სხვა პრობლემებს, მათ შორის „წლობით გაუკეთებელ შიდა გზების საკითხს, რაზეც მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ“.

მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს" წევრებისთვის ნათელია, რომ 26 ოქტომბერს "ქართული ოცნება" დამარცხდება. ხოლო, მას შემდეგ, რაც საქართველოს აღარ ეყოლება რუსული მთავრობა, რომელიც ემსახურება ვლადიმერ პუტინს, კომპეტენტურ და კეთილსინდისიერ ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლებთან ერთად, იმერეთში და სხვა რეგიონშიც, ყველა გაჩერებული პროექტის დასრულებას შეძლებენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია