18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ „ბი ემ ჯი“-მ პოლიტიკური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, სარჩევნო კამპანიაში დაფიქსირებულ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს, ხოლო, რადგან „ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა.
მიქანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა „მთავარის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც მათ უარი თქვეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც მისი შეფასებით, წარმოადგენს სამართალდარღვევას, ხოლო „რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება დაგმობის ნაცვლად მოიწონეს“.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.
5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა "მთავარმა", "ტვ-პირველმა" და "ფორმულამ" გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას. ამასთანავე, ნაცვლად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მომხდარიყო ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დაგმობა, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების “ევროპული ორბიტისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს ხელმძღვანელებმა, ასევე - ორგანიზაციამ “მედიის ადვოკატირების კოალიცია” მოიწონა ტელევიზიების ეს პოზიცია და სრული მხარდაჭერა გამოხატეს საჯაროდ. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიების ამ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოში ევროკავშირის ელჩის ზემოხსენებული განცხადება დაედო,“ - განაცხადა მიქანაძემ.
გარდა ამისა, მან „ევროპულ ორბიტასა“ და სადამკვირვებლო მისია „ჩემ ხმაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია უცხოეთში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით.
„საანგარიშო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ევროპული ორბიტისა“ და სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობდა კამპანია და ვრცელდებოდა მანიპულაციური ხასიათის ცრუ ინფორმაცია უცხოეთში რეგისტრირებულ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით.
27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, თითქოს ცესკო-ს 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ცესკომ განმარტა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში აუხსნა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების დისკრედიტაციისა და საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობა,“ - განაცხადა მიქანაძემ.