კახა გოგოლაშვილი - შეუძლებელია საქართველომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან აღადგინოს ურთიერთობები - კურსის ცალმხრივად გაგრძელება არ არსებობს

მიმდინარეობს ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოშორება - შეუძლებელია საქართველომ, ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პირობებში, ევროკავშირთან აღადგინოს ურთიერთობები, -ამის შესახებ ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ შექმნა ისეთი პირობები, რომ შეუძლებელია მათ გააგრძელონ ევროპული ინტეგრაციის კურსი.

„მიმდინარეობს ევროპული გზიდან საქართველოს ჩამოშორება. შეუძლებელია საქართველომ, ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ პირობებში, ევროკავშირთან აღადგინოს ურთიერთობები. ვფიქრობ, 6 თვის წინ ხელისუფლებას, რომ შეეცვალა კურსი, შეემცირებინა რიტორიკა, სხვანაირად დაესახა სტრატეგია, შანსი ჰქონდათ, მაგრამ ახლა იმდენად შეტოპეს, პირადი შეურაცხყოფები, ევროკავშირის, აშშ-სა და ნატოს სახის დემონიზებით - ახლა როგორ უნდა შეცვალონ ეს ყველაფერი? ამასთან, ეს ყველაფერი მოსახლეობაში მათ მიმართ ნდობის დაკარგვას გამოიწვევს. აქ მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ევროკავშირზე ცუდს არ იტყვიან , მათი ამომრჩევლები ხომ იტყვიან: კი, მაგრამ აქამდე თუ ცუდი იყო ევროკავშირი, ახლა კარგი გახდა? ამიტომ, ამ ყველაფერს აქვს დომინოს ეფექტი. „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ შექმნა ისეთი პირობები, რომ პრაქტიკულად არ არის შესაძლებელი გააგრძელონ ევროპული ინტეგრაციის კურსი. კურსის ცალმხრივად გაგრძელება კი არ არსებობს“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკით ქვეყნის იმიჯიც დაზიანდა. მისი თქმით, ახალ მთავრობასაც გაუჭირდება ნდობის ხელახლა მოპოვება.

„გგონიათ ამით ერის იმიჯი არ დაზიანდა?! თუკი არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება და კოალიციური მმართველობა მოვა ხელისუფლებაში, მარტივი არ იქნება ნდობის აღდგენა. საჭირო იქნება იმის დამტკიცება, რომ მათ მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვთ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმება თვითონ ქვეყნის და მისი პოტენციალის მიმართ“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.

ამასთან, როგორც გოგოლაშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან საუბრისას აღნიშნა, არსებობს ის რისკი, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ეს არჩევნებამდე არ მოხდება.

„ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად რამდენიმე სახის წინა პირობები არსებობს. იქ არის კრიტერიუმები, რომლებიც რეგულაციის შესაბამისად ქვეყნებს უფლება აქვთ პრეტენზია განაცხადონ და ევროკავშირმა თუ ნახა, რომ ეს ფაქტები მართლა არსებობს, შეაჩერებს. თუკი ქვეყნები მოითხოვენ, ევროკომისია უპრობლემოდ შეაჩერებს. პირველ ეტაპზე, უვიზო მიმოსვლას 9 თვით შეგვიჩერებს.

ნამდვილად არსებობს ის რისკი, რომ ჩვენ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ამას არჩევნებამდე არ გააკეთებენ. მათ არ იციან ეს რა არასტაბილურობას გამოიწვევს. თუ ამის მიზეზი არ იქნება, 9 თვით რატომ უნდა გააჩერონ, თუ ძალიან მალე მოხდება საქართველოში ეს ყველაფერი შეიცვლება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა საქართველოში ყოფნისას