კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს - დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ

ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს - დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განაცხადა, წინაპრებს იმისთვის არ შეუწირავთ სიცოცხლე, რომ „ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ“.

„ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს, არანაირი ფასი არ აქვს! კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ სააკაშვილი უპირობოდ უნდა იყოს გამოშვებული - წარმოგიდგენიათ?! დემოკრატიაზე, ევროპულობაზე ვსაუბრობთ და ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, გვეუბნებიან, რომ უპირობოდ უნდა გამოვუშვათ. ეს არის მათეული დემოკრატია, მათი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატია. მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ, ჩვენს წინაპრებს არ შეუწირავთ სიცოცხლე იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ და თუნდაც კონკრეტული დამნაშავეები გამოვუშვათ, ან ქვეყნის ინტერესი დაგვათმობინონ. ჩვენ რისთვის ვიბრძოლეთ?! რისთვის იბრძოლა წინა თაობებმა? იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო თავისუფალი და სუვერენული. ამისთვის ვიბრძოლეთ და არა ის, რომ იქ მითითებები მოგვცენ, სანქციებს მივუერთდეთ. სანქციებზე ხომ არ იყო საუბარი? თვითონ ხომ არ საუბრობდნენ, მეორე - მესამე პირებს ალაპარაკებდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ რაღაცებთან დაკავშირებით. უფრო მნიშვნელოვანი და მძიმე თემები იყო, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობა იყო, ისე მოვქცეულიყავით და გადაგვედგა ნაბიჯი...

დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რეზოლუციაში. ეს არის მძიმე. გვინდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენს სამშობლოში მშვიდობის შენარჩუნება გვინდა! ვიცით, რა არის ომი, რამხელა უბედურების მომტანია. ვიცით, რა შეიძლება მოიტანოს სანქციებმა. ჩვენ რომ სუსტი ხელისუფლება ვყოფილიყავით, ვიღაცების შეგვშინებოდა და სანქციებს მივერთებულიყავით დაზარალდებოდა ის გლეხი ვინც შრომობს, ის ადამიანი, ვისაც რესტორანი, კაფე აქვს. ეს აისახებოდა ქვეყანაზე, ეკონომიკაზე. შესაძლოა მიზანი ესეც იყო“,- აღნიშნა კალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა