გვეუბნებიან, რომ თურმე ბოდიში უნდა მოვიხადოთ: ბოდიშს მოუხდიან ისინი 27 ოქტომბერს ქართველ ხალხს, როდესაც დამაჯერებლად ყველა ერთად გავიმარჯვებთ და საქართველოს ევროპული პერსპექტივა გამყარდება, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ხელში უნდა ეჭიროს ევროპული პასპორტი, შემოვიდეს მინიმუმ 14 მილიარდი ინვესტიცია, ქვეყანაში შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, გაუმჯობესდეს პენსიები და ჯანდაცვა , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვება ნიშნავს ამ ქვეყნის გამარჯვებას და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.
„მქონდა პატივი, მემუშავა მიხეილ სააკაშვილთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. როდესაც მიწევდა შესვლა მის სამუშაო კაბინეტში, რომელიც სხვათა შორის ძალიან მოკრძალებული იყო, არასდროს დამავიწყდება ის სურათი, რაც მის კაბინეტში ხდებოდა: მის სამუშაო მაგიდაზე ეწყო მხოლოდ მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორების წიგნები, საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრები. საქართველოში პირველი ადგილი, სადაც ეს არქიტექტურული შედევრები უნდა განხორციელებულიყო, სწორედ იქ იყო ნაჩვენები. ეწყო მხოლოდ მაკეტები, ნახაზები, პროექტები და გრაფიკები. ამ ადამიანმა ყოველთვის იცოდა, რომელ ქალაქში, რომელ რაიონში, რომელ სოფელში სად უნდა აშენებულიყო სკოლა, ბაღი, გზა, ხიდი, სასტუმრო თუ საწარმო, რათა ადამიანებისთვის დოვლათი და კეთილდღეობა შექმნილიყო და არა მხოლოდ ისე, როგორც ახლა ხდება - ივანიშვილისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის.
26 ოქტომბერი რეალურად რეფერენდუმია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ერთის მხრივ, თუ რჩება ბიძინა ივანიშვილი (მაგრამ ამის მინიმალური შანსი არ არის, ნულოვანი შანსია) შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილთან ერთად დარჩება კიდევ მეტი სიღარიბე, კიდევ მეტი გაჭირვება, უმუშევრობა, დაბალი შობადობა, გაზრდილი ემიგრაცია. ქვეყანა უფრო მეტად იზოლაციაში მოექცევა, რადგან ხედავთ, ამ ადამიანებს აღარ ელაპარაკებიან, არც ევროპელები, არც ამერიკელები, არცერთი ადამიანი ცივილიზებული სამყაროდან. მდიდრდებიან ისევ რუსი ოლიგარქი მაფიოზები, რომლებიც იტაცებენ ხალხის ტყეებს, ქონებას, ბიუჯეტს და ტენდერებს.
მეორეს მხრივ, გვაქვს უნიკალური შანსი ერთიანობის. ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი. ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ხელში ეჭიროს ევროპული პასპორტი, შემოვიდეს მინიმუმ 14 მილიარდი ინვესტიცია, ქვეყანაში შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, გაუმჯობესდეს პენსიები და ჯანდაცვა. ყველა ის სიკეთე, რის გამოც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე ყოველწლიურად ტოვებს ქვეყანას.
ამიტომ, დარწმუნებული ვარ, აქ მყოფი თითოეული ადამიანი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის, რადგან ჩვენი გამარჯვება ნიშნავს ამ ქვეყნის გამარჯვებას და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა, ციხეში იჯდეს. თავისუფლება ჩვენს ქვეყანას და თავისუფლება მიშას", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.