თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული განხილვის შემდეგ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სავარაუდოდ, როდის დაიწყება რეზოლუციაში ჩაწერილი მუხლების შესრულება - არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა სცენარით განვითარდება პროცესები საქართველოში და ამ პროცესში რა ფორმით შეიძლება მიიღოს მონაწილეობა აშშ- მ და კოლექტიურმა დასავლეთმა და რუსეთმა, „ინტერპრესნიუსი" ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის ხმაურიანი განხილვის შემდეგ, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციაში, პრაქტიკულად, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მოხვდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს ინტერესს წარმოადგენს. მხედველობაში მაქვს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, ანუ, უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმების უკან გაწვევა.

რეზოლუციაში ასევე ჩაიწერა სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ ლიდერშიფისთვის და კერძოდ, მმართველი პარტიის ელიტისთვის, რომლის ანტიდასავლური ქმედებები გამო, შეუსრულებელია ევროკომისიის რეკომენდაციები და ვიდრე ამ ხელისუფლების მიერ მიღებული ევროპულ ღირებულებებთან შეუთავსებელი კანონები არ გაუქმდება, ევროკომისია საქართველოსთან ქვეყნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ გახსნის.

მოდით საუბარი, ჯერ მომხდარი შეფასებით დავიწყოთ - თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციას?

სავარაუდოდ, რას შეიძლება იგი ნიშნავდეს საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე 17 დღით ადრე?

- რა გითხრათ? უმძიმესი მოსასმენია ეს კრიტიკა. კიდევ უარესი ისაა, რომ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ. ევროპარლამენტში გამართული დებატები და მიღებული რეზოლუციაც ლოგიკური ასახვაა იმ რეალობის, სადამდეც მიგვიყვანა შეთქმულების თეორიებმა, პარტიული და სახელმწიფოებრივი ინტერესების აღრევამ და საკუთარი “მეს” ყველაფერზე მაღლა დაყენებამ.

ევროპარლამენტში გამართული დებატები და მიღებული რეზოლუციაც ლოგიკური ასახვაა იმ რეალობის, სადამდეც მიგვიყვანა შეთქმულების თეორიებმა, პარტიული და სახელმწიფოებრივი ინტერესების აღრევამ და საკუთარი „მეს“ ყველაფერზე მაღლა დაყენებამ

მოხსენება, რომელიც ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ვერა იუროვამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის სახელით გააჟღერა უმძიმეს შეფასებებს შეიცავდა. კიდევ უფრო მწვავე იყო ევროპარლამენტართა გამოსვლები. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გაყინულია, ხოლო დემოკრატიის შემდგომი უკუსვლის შემთხვევაში ამ დროისთვის მიღწეულ შედეგებსაც დავკარგავთ. ვითარების სიმწვავე უფრო კარგად რომ გავიაზროთ, ვიტყვი, რომ ჩვენ არათუ ვერ მივიღებთ წვდომას კანდიდატი ქვეყნისთვის გათვალისწინებულ ფონდებზე და არათუ ვერ ვისაუბრებთ ახალ პროგრამებსა თუ განვითარების პროექტებზე, არსებულსაც დავკარგავთ.

რეზოლუცია ასე იკითხება: ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ევროკავშირი მას მხარს უჭერს, მაგრამ პროცესს დღევანდელი ხელისუფლება აფერხებს და შედეგად საქართველომ შეიძლება მიღწეულიც დაკარგოს

უკვე გავრცელდა განცხადება 121 მილიონი ევროს შესაძლო შეჩერების შესახებ, ასევე მილევად რეჟიმში გადავა სხვა პროგრამები, კითხვის ქვეშ დადგება ვიზა ლიბერალიზაცია და ყველა ის მიღწევა, რაც ამდენი შრომის ფასად მოვიპოვეთ. ყველა ჩვენი წარმატება ეფუძნებოდა დემოკრატიულ განვითარებას და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას. ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საფუძველთა საფუძველი. დღეს ეს საფუძველი შეირყა და შესაბამისად ყველაფერი კითხვის ქვეშ დადგა.

მოკლედ რომ ვთქვათ, რეზოლუცია ასე იკითხება: ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, ევროკავშირი მას მხარს უჭერს, მაგრამ პროცესს დღევანდელი ხელისუფლება აფერხებს და შედეგად საქართველომ შეიძლება მიღწეულიც დაკარგოს.

- ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საკმაოდ ბევრი კომენტარები აკეთეს.

ყველაზე დასამახსოვრებელი გახლდათ „ქართული ოცნების“ გენმდივნის კახა კალაძის განცხადება, არა ერთხელ გამეორებული - „ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს“. თქვენ როგორ შეაფასებდით, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მმართველი გუნდის რეაქციას?

- ძალიან მოკლედ ვიტყვი: არაადეკვატურად. „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია დაკარგა ვითარების რაციონალურად აღქმის უნარი. ევროპარლამენტის რეზოლუციაზე შეფასება-განცხადებებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში არც ევროკავშირთან და არც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს.

ევროპარლამენტის რეზოლუციაზე შეფასება-განცხადებებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში არც ევროკავშირთან და არც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც აღარ ელაპარაკებიან და ამის შესახებ ღიად განაცხადა ევროკავშირმა. ყველა მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრის გაუქმება კი ნიშნავს, რომ არც ერთი საკითხი განხილული არ იქნება, არც ერთი პროექტი თუ ინიციატივა არ დაიძვრება, რადგან ხელისუფლებას არავინ ენდობა!

- მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ საქართველოსთვის მიუღებელია რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა.

უცნაური ისაა, რომ ბრიუსელი საქართველოს იმას კი არ მოითხოვს რუსეთთან შენთვის დამაზიანებელი ეკონომიკური ვაჭრობა შეწყვიტეო, არამედ იმას, რომ მოითხოვს საქართველოს გავლით რუსეთს არ მიეწოდოს სამხედრო დანიშნულების ტვირთი. ძნელი დასაჯერებელია ეს ხელისუფლებას არ ესმოდეს, თუ ესმით, ამ თემაზე ამ კუთხით საუბარი, გაუგებარიც კია...

- ხელისუფლებას ყველაფერი მშვენივრად ესმის. ამისთვის განათლებაც საკმარისი აქვთ და გამოცდილებაც, უბედურებაც სწორედ ეგაა, რომ ესმით და მაინც ყველაფერს თავისებურად თარგმნიან. ამას ჩვენი პარტნიორებიც ხედავენ და ამიტომაც აქვთ ასეთი კრიტიკული დამოკიდებულება.

კვლავაც გავიმეორებ, რომ რასაც დასავლეთი ითხოვს არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების საშუალებად. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხში პარტნიორებთან აქტიურად ვითანამშრომლოთ და მათი დახმარებით მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დაცულობა, ჩვენ კონფრონტაციის და სრულიად ფუჭი ქიშპობის გზა ავირჩიეთ. შესაბამისად კრიტიკაც არ უნდა გვიკვირდეს.

რასაც დასავლეთი ითხოვს არის ის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების საშუალებად. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხში პარტნიორებთან აქტიურად ვითანამშრომლოთ და მათი დახმარებით მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დაცულობა, ჩვენ კონფრონტაციის და სრულიად ფუჭი ქიშპობის გზა ავირჩიეთ. შესაბამისად კრიტიკაც არ უნდა გვიკვირდეს

ამასთანავე, ევროკავშირის მოწოდებაც რომ არ იყოს, თავად საქართველოს ინტერესებში არ შედი ოკუპანტის ქვეყნის თუნდაც ირიბი ხელშეწყობა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მავანის პირადი ინტერესები ეროვნულზე მაღლა დგას, პასუხისმგებლობა კი ქვეყანას და ხალხს ეკისრება.

- რეზოლუციის მიღების შემდეგ, საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. როგორც ამბობენ, ამ სხდომაზე გაირკვევა, სავარაუდოდ, როდის დაიწყება ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესრულება. თქვენი ვარაუდით, რეზოლუციის პუნქტების შესრულება არჩევნებამდე დაიწყება თუ არჩევნების შემდეგ?

თუ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების ჩატარებას სამართლიანად და შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ?

- 14 ოქტომბერს მინისტერიალია და იქ საქართველოზე მსჯელობაც იქნება. ვერაფერს ვიტყვი მათ მაგივრად, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული. მერწმუნეთ, ევროკავშირში არავის უნდა სანქციების შემოღება. პირიქით, მათი ამოცანა ქართველი ხალხის დახმარება და გვერდში დგომაა, თუმცა ხელისუფლების დღევანდელი ნაბიჯები მათ არჩევანს აღარ უტოვებს.

ერთიცაა, რომ არავინ იცის არჩევნებამდე კიდევ რა სიურპრიზს შემოგვთავაზებს ხელისუფლება. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება.

ევროპარლამენტის რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული.... თუმცა, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება

- ბატონო თენგიზ, ბოლო თვეებია თქვენ აქტიურად მონაწილეობთ ევროპაში გამართულ სხვადასხვა კონფერენციებში, რომლებზეც განიხილება ევროპის განვითარების პერსპექტივები, უსაფრთხოების საკითხები.

ვიცით, რომ იყავით კიევში იმ დროს, როცა არა ერთი ევროპელი ლიდერი სტუმრობდა უკრაინის დედაქალაქს. მონაწილეობდით ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით გამართულ არაერთ ღონისიებაში. ასევე ვიცით, რომ მონაწილეობას მიიღებთ რიგის უსაფრთხოების კონფერენციაში.

გაგიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები იმაზე, თუ რა პრობლემებია მნიშვნელოვანი ევროპის პოლიტიკური ელიტებისთვის?

რას ფიქრობენ ისინი იმაზე, რახ ახლა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ხდება?

- თქვენი დახასიათებით, ფაქტურად “გლობალური ომის პარტიის“ აქტივისტი გამოვდივარ. იმედია, ამ ხუმრობისთვის კოცონზე არ დამწვავენ.

უფრო სერიოზულად კი, სამწუხაროდ, უმეტესი დრო მართლაც სამშობლოს საზღვრებს გარეთ ვარ, რაც ძალიან ძნელია, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია იმის ხილვა, თუ როგორ დაეცა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი, როგორ ინგრევა ათწლეულობით ნაშენები ურთიერთობები და როგორ კარგავს ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერას.

ევროპულ ფორუმებზე დღეს არაერთი ის საკითხი განიხილება, რომელსაც საქართველოს მომავალზე უდიდესი გავლენა ექნება. იყო დრო, როდესაც ჩვენ ამგვარ განხილვებში აქტიურად ვმონაწილეობდით. დღეს კი აღარ ვჩანვართ.

შეიძლება საქართველო ახსენონ, მაგრამ თავად საქართველოს ხმა ფაქტობრივად არ ისმის, ჩვენგან არავითარი ინიციატივა არ მოდის და ნაბიჯ-ნაბიჯ განხილვების სუბიექტიდან განხილვის ობიექტად ვიქეცით.

მტკივნეულია იმის ხილვა, თუ როგორ დაეცა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი, როგორ ინგრევა ათწლეულობით ნაშენები ურთიერთობები და როგორ კარგავს ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერას…ჩვენგან არავითარი ინიციატივა არ მოდის და ნაბიჯ-ნაბიჯ განხილვების სუბიექტიდან განხილვის ობიექტად ვიქეცით

დღეს თუ გვახსენებენ, ძირითადად სწორედ არჩევნების კონტექსტში. ყველას ესმის, რომ ეს ჩვეულებრივი კენჭისყრა არ იქნება და რომ საქმე სწორედ ეგზისტენციალური არჩევანს ეხება.

ამ არჩევნების შედეგად გაირკვევა საქართველოს სამომავლო გეზიც და ამის შესაბამისად განისაზღვრება პარტნიორთა დამოკიდებულებაც. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ დღეს იქმნება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ახალი წყალგამყოფი დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროსა და რეტროგრადულ-რევანშისტულ რუსეთს შორის. 26 ოქტომბერი იმასაც განსაზღვრავს, ჩვენ რომელ მხარეს ვიქნებით.

დღეს იქმნება ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ახალი წყალგამყოფი დემოკრატიულ, თავისუფალ სამყაროსა და რეტროგრადულ-რევანშისტულ რუსეთს შორის. 26 ოქტომბერი იმასაც განსაზღვრავს, ჩვენ რომელ მხარეს ვიქნებით

- ოფიციალური თბილისი ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან იმ ტიპის კრიტიკულ გზავნილებს იღებს, ახლა რთულია იმის თქმა, თუ რა დასკვნებს დადებენ ამერიკელი და ევროპელი დამკვირვებლები 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებები ბევრი აკეთეს, ვაშინგტონსა და ბრიუსელს აქვთ სურვილი გააგრძელონ ურთიერთობა საქართველოსთან.

უცნაური ისაა, თუ რატომ არ გაითვალისწინა „ქართულმა ოცნებამ“ ის, რომ არც აშშ-ს და არც ევროკავშირი არ დაუშვებენ სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენების შესუსტებას, ანაც დაკარგვას.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთისთვის საქართველოს ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ ლეგიტიმურად აღიარებული „ქართული ოცნება“ სურს პარტნიორად, ვიდრე დასავლეთის მიერ საქართველოს არალეგიტიმურად მიჩნეული ხელისუფლება. იმ შემთხვევაში თუ არჩევნების ცნობასთან დაკავშირებით ვითარება გართულდა, სავარაუდოდ, რა ნაბიჯებს გადადგამს „კოლექტიური დასავლეთი“ და ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი, რომლის დაზვერვის უფროსმა პატრუშევმა საქართველოზე საუბრისას, პრაქტიკულად, ირიბად აღიარა, რომ რუსეთი საქართველოშია და ვითარებას აკონტროლებს?

- დავიწყოთ იმით, რომ მთავარი მსაჯული ქართველი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოებაა. დღეს იმ ვითარებაში ვართ, როდესაც სწორედ საზოგადოებაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტი. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე და საზოგადოების უნარზე მოითხოვოს დემოკრატიული პროცესი. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია და რომ მხოლოდ ჩვენი-ამომრჩევლების გადასწყვეტია, როგორი ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას. ჩვენი ვალდებულებაა, ვიდგეთ საკუთარი არჩევანის სადარაჯოზე და არავის მივცეთ მანიპულაციის უფლება.

რაც შეეხება არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაციას. უკვე გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ დემოკრატიის უკუსვლის შემთხვევაში, ცივილიზებული სამყარო თვალს არ დახუჭავს. გეთანხმებით, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადება ნამდვილად არ შედის არც ევროკავშირის და არც აშშ-ს ინტერესებში, რადგან ისინი საქართველოსთან პარტნიორობისკენ მიისწრაფვიან, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად მოახერხა პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭება და საკუთარი იმიჯის დეგრადაცია, რომ მას პოლიტიკურ კრედიტს აღარავინ მისცემს.

ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადება ნამდვილად არ შედის არც ევროკავშირის და არც აშშ-ს ინტერესებში, რადგან ისინი საქართველოსთან პარტნიორობისკენ მიისწრაფვიან, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად მოახერხა პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭება და საკუთარი იმიჯის დეგრადაცია, რომ მას პოლიტიკურ კრედიტს აღარავინ მისცემს

რაც შეეხება რუსეთს, აქ ვითარება სხვაგვარადაა. მის ინტერესებში სწორედაც რომ არის არალეგიტიმური, დასავლეთთან კონფრონტაციაში მყოფი, რეპუტაცია შელახული და საკუთარ დემოკრატიულ საზოგადოებასთან დაპირისპირბული ხელისუფლება, რადგან, ასეთ შემთხვევაში, მოსკოვს სავაჭროდ ფართო სივრცე ეხსნება.

კრემლს საქართველოში მარიონეტი სჭირდება და არა ქართულ საზოგადოებასთან ჰარმონიაში მყოფი ხელისუფლება, რათა დაუბრკოლებლად შეძლოს სასურველი პოლიტიკის გატარება

კრემლის გავლენები საქართველოს ხელისუფლებაზე საიდუმლო ნამდვილად არაა და ეს გავლენა კიდევ გაიზრდება შერყეული ლეგიტიმაციის პირობებში. საქართველოში სტაბილურობას მხოლოდ პარტნიორები ესწრაფვიან, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კი მუდმივი დაძაბულობით და მღვრიე წყალში თევზაობითაა დაინტერესებული. კრემლს საქართველოში მარიონეტი სჭირდება და არა ქართულ საზოგადოებასთან ჰარმონიაში მყოფი ხელისუფლება, რათა დაუბრკოლებლად შეძლოს სასურველი პოლიტიკის გატარება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი