„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის სოფლებში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და თანხის სანაცვლოდ სთხოვენ პირადობების წართმევის ფაქტი „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგზე გააკეთა.
წოწერიას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებში მხილებული ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს არჩევნების დღეს, უბნებზე პროვოკაციების მოსაწყობად ამზადებს.
მისი თქმით, ბოლო შემთხვევა წუხელ, სოფელ რიყეში მოხდა. მამუკა წოწერია კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო გარემოში დესტრუქციული, მათთვის ჩვეული ქმედებები შემოაქვს. მათი წარმომადგენლები მოქალაქეებთან სოფელ-სოფელ დადიან, ართმევენ პირადობის მოწმობებს, უღებენ ფოტოებს და 200 ლარის სანაცვლოდ სთავაზობენ, რომ თქვან თითქოს, მათ პირადობები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ჩამოართვეს. გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიაში ჩართეს ყოფილი ხელისუფლების ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც არჩევნების დღეს კონკრეტული დავალებები აქვთ დავასახელებთ კონკრეტულ სახელებსაც, ვინც პირადობების ჩამორთმევის საქმეში ჩართულია. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: დავით ფიფია, მამუკა გოგია, გაგა ჯალაღონია და დავით ვეკუა. ეს ადამიანები თანხის სანაცვლოდ პირადობებს ართმევენ სოფლებში ჩვენს მოქალაქეებს და ცდილობენ ეს ქმედება დააბრალონ ჩვენს წარმომადგენლებს. მოგიყვებით კონკრეტულ მაგალითზე. წუხელ, სოფელ რიყეში, 80 წლის შვილმკვდარ დედასთან მივიდნენ და 200 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს პირადობა მიეცა და კამერებთან ეთქვა, რომ ის „ოცნების“ წარმომადგენლებმა ჩამოართვეს, იგივე ფაქტი დაფიქსირდა ყულიშკარში, ჯიხაშკარსა და დევნილთა ჩასახლებაში ბარამიას ქუჩაზე.
ჩვენს ოპონენტებს მხოლოდ „ფეიკ ნიუსების“ შექმნაზე აქვთ სწორება, რომ რამეფრად მოახდინონ ყალბი ინფორმაციის გავრცელება თითქოს, წინასაარჩევნო პერიოდი დარღვევებით მიმდინარეობს. მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეისწავლონ ოპოზიციური პარტიების ქმედებები და დააფიქსირონ არსებული დარღვევები.
სამეგრელოში ენმ-ს საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, რომელიც მხილებულია 2012 წელს ყალბი პირადობების შექმნასა და გამოყენებაში, ეს ადამიანი მსგავს ბინძურ ქმედებებში არაერთხელ მხილებულია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს არჩევნები და მისი შედეგები, ისინი ემზადებიან არჩევნების შემდეგი დღისთვის, მათ გვერდით შემოიკრიბეს სხვადასხვა დანაშაულებში მხილებული ყოფილი ხელისუფლების მოძალადე ჯგუფის წევრები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დავალება, რომ ჩამოართვან მოქალაქეებს პირადობები, არჩევნების დღეს შემოიტანონ უბნებში არეულობა და დაპირისპირება. სურთ შექმნან ნეგატიური ფონი. წარმოგიდგენთ ამ ადამიანებს: რუსლან შამახია - სხვადასხვა დროს იყო წალენჯიხისა და ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ოდიოზური ფიგურა არაერთი გახმაურებული საქმის ავტორი და შემსრულებელი. კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომელიც ადამიანებს აშინებდა და პირადი ცხოვრებით აშანტაჟებდა. ამჟამად გვარამიას პარტიაშია და ყოფილი პოლიციელებისგან ქმნის უკანონო ფორმირებებს არჩევნების დღეს სიტუაციის ასარევად.
დავით დარსმელიძე - აბაშის პოლიციის ყოფილი უფროსი, შემდეგ კუდ-ის ყოფილი უფროსი, ადამიანებს აშანტაჟებდა პირადი ცხოვრების კადრებით. გამოირჩევა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლით, მისი სკანდალური საქმეები ხელმისაწვდომია ინტერნეტის ღია სივრცეებშიც კი. ამჟამად სამეგრელოში ხელმძღვანელობს არჩევნების დღეს არევის პოლიტიკას. აერთიანებს ყოფილ ძალოვნებს, რომლებმაც თანამდებობები პოლიტიკური განცხადებებით დატოვეს.
ლაშა ექონია - ზედაეწერის განყოფილების ყოფილი უფროსი, 2010 წელს გაიტაცა და სასიკვდილოდ სცემა მოქალაქე ალექსანდრე სართანია, რომელიც ოპონენტი პარტიის აქციაზე იმყოფებოდა
ლევან გოგია - პატრულის თანამშრომელი „ნაცების“ დროს, გამოირჩეოდა მოქალაქეთა დარბევით, ასევე ჩამოგითვლით ადამიანებს, ვისაც აქვთ დავალება კარდაკარ იარონ მოქალაქეებთან და არჩევნების წინა დღეებში პირადობები ჩამოართვან, ესენი არიან: გელა კაკულია - ფოთის პოლიციის ყოფილი უფროსი, გამოირჩეოდა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეკერვით
მანუჩარ ფიფია - თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მეგის ქარდავასთან დაახლოებული პირი.
გოჩა ესართია - 2012 წელს გამოირჩეოდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ანგარიშსწორებით.
კახა კვარაცხელია - კომბინატის პოლიციის ყოფილი უფროსი, გამოირჩეოდა აგრესიით მაშინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ
დავით მელია - ყოფილი პოლიციელი, გამოირჩეოდა აქციების დარბევით, ამჟამად ნიკა მელიას პარტიაშია.
ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, მშვიდ თავისუფალ საქმიან გარემოში, ორიენტირებულები ვართ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღეც ჩატარდეს მშვიდ გარემოში, სადაც მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოხატვა შეეძლებათ. ერთადერთი ძალა, ვისაც აწყობს ამ გარემოში შემოიტანოს ნეგატივი, არიან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოექცნენ კანონის ჩარჩოებში, ყველა გადაცდომაზე იქნება უმკაცრესი, კანონით გათვალისწინებული პასუხი, არავის აქვს უფლება არჩევანის თავისუფლება შეუზღუდოს ჩვენს მოქალაქეებს. აქვე მოვუწოდებ ამომრჩევლებს, არ მისცეთ არავის პირადობები, ვინც მოვა თქვენთან, გადაუღეთ, მოგვაწოდეთ და ყველა ფაქტზე იქნება მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.