ცესკო - ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს - ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 95 834-ს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შექმნა. განახლებული მონაცემების საფუძველზე კი ცესკოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილება დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის, ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი. კერძოდ, საუბარია დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და 20-მდე ამომრჩევლის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან.

ხვალ ცესკოს სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცესკოში შემოსული წერილი, სადაც საუბარია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათ-განში შექმნილ ვითარებას და ამ სიტუაციაში საარჩევნო უბნის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.

დეტალურ ინფორმაციას სხდომის შედეგების და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ საზოგადოებას სხდომის დასრულებისთანავე მივაწვდით. მანამდე კი, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს, ნუ გამოიყენებენ საზღვარგარეთ ხმის მიცემის თემას პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, რადგან ეს აზიანებს საარჩევნო გარემოს და ამომრჩევლის ინტერესებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია