ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება

კარი აქ არის და კარი ღიაა, მაგრამ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ არ გაიაროს ამ კარში. ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში, რობინ ვაგენერმა ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღების შემდეგ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, გერმანიის პარლამენტი და გერმანიის პოლიტიკა ერთიანია საქართველოს მისამართით გაჟღერებულ გზავნილში - ვერ იქნება ევროკავშირის წევრობა და არ იქნება ევროკავშირში წევრობის შემდგომი პროცესი „უცხოური გავლენის რუსული კანონით“ და ასევე, უმცირესობების საწინააღმდეგო კანონმდებლობის არსებობით.

არსებობს თუ არა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე, მიმართავს თუ არა ბუნდესტაგი ევროკავშირს პერსონალური სანქციების დაწესებით და როგორ ხედავენ ოფიციალურ ბერლინში „ქართული ოცნებისა“ და მისი დამფუძნებლის როლს, საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის პროცესში, ვრცალდ ექსკლუზიურ ინტერვიუში..

- ბუნდესტაგმა ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ რეზოლუციას. შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ რეზოლუციის მთავარ ასპექტებზე - რა იყო დასახელებული მთავარ გამოწვევებად და რა იყო მთავარი რეკომენდაციები?

- რეზოლუციის მიღებამდე გამართულ დებატებზე ცხადად გამოჩნდა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი გერმანულ პარლამენტსა და გერმანულ პოლიტიკაში - მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ხმა არ მისცა წამოყენებულ წინადადებას, მას ჰქონდა იგივე ხედვა და მესიჯები. ასე რომ, შეიძლება ითქვას, პარლამენტში არის სრული ერთიანობა ძირითად გზავნილებთან დაკავშირებით. ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პატივისცემის ნიშნად, რომელსაც ცალსახად სურს, იყოს ევროკავშირის წევრი და რომელიც ცალსახად მიჰყვება ამ გზას, მაგრამ ასევე ველოდით საქართველოს ხელისუფლებისგან, გადაედგა შემდგომი ნაბიჯები იმისკენ, რომ შეძლებოდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ საქართველო სხვა მიმართულებით მიდის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით. რეზოლუციის მთავარი ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ ვერ იქნება ევროკავშირის წევრობა და არ იქნება წევრობის შემდგომი პროცესი ევროკავშირში ანტი - არასამთავრობო ანუ „უცხოური გავლენის“ რუსული კანონით და ასევე ლგბტქ+ საწინააღმდეგო კანონმდებლობის არსებობით. ეს ორივე იმდენად ცხადად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, რომ ვერ იქნება შემდგომი გაწევრიანება ამ კანონმდებლობით. ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გზით უნდა წავიდეს - უნდა წავიდეს ევროკავშირის გახსნილი კარისკენ თუ სხვა მიმართულებით, ამჟამად აღებული კურსით და ეს გადაწყვეტილება არჩევნებზე უნდა იქნას მიღებული.

- საკმაოდ მწვავე შეფასებებით გამორჩეულ რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ხელი უნდა შეეწყოს საქართველოს მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, მიუხედავად მთავრობის მიერ დემოკრატიაში უკუსვლისა, რადგანაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს მთელ მოსახლეობას და ამით პრო-ევროპულ ძალებსაც შეეხებოდა; ამასთან, გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, ჩვენ მოვისმინეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩისნკის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ თუ საქართველოში ვითარება გაუარესდება, ევროკავშირი მზად არის, გამოიყენოს ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი - თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია. შეგიძლიათ თქვათ, რომ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე კონსენსუსი არ არის?

- ქართველი ხალხის მხრიდან ჩანს ძლიერი ერთგულება ევროკავშირის წევრობის მიმართ და სურვილი, რომ იაროს შესაბამის გზაზე ევროკავშირისკენ, გაიზიაროს ევროპული ღირებულებები. შესაბამისად, ჩვენ არ გვსურს, დავსაჯოთ მოსახლეობა. არ გვსურს, დავსაჯოთ ეს მამაცი ხალხი, რომელიც გადის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე ამ ძალიან პოლარიზებულ სიტუაციაში, მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელ და ძალადობრივ ვითარებაში და რეალურად ძალადობის ფაქტები ფიქსირდება კიდეც. ეს მამაცი ხალხი მაინც გამოდის გასაპროტესტებლად და ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა. თუმცა, ჩვენ ცხადად განვაცხადეთ, რომ არ იქნება ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანება აღებული კურსით. სხვა ზომებიც არსებობს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ევროკავშირში შესაბამისი კონსენსუსის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ქართველი ხალხის დასჯა მაშინ, როდესაც ევროკავშირთან მისასვლელი კარი ღიაა.

- სხვა არსებულ ზომებში რას გულისხმობთ - ტექსტშიც აღნიშნული იყო, რომ ზედმიწევნით უნდა მიედევნოს თვალყური სიტუაციას საქართველოში, რათა გამოავლინოს შესაძლო ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს; აქვე, „ქართული ოცნებისდამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ნეგატიურ როლზეც არის ყურადღება გამახვილებული. შეიძლება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციების ბერკეტი გამოიყენოს და აქვე გკითხავთ, აღნიშნული სანქციები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება შეეხოს თუ მოიაზრება პირთა უფრო ფართო წრე?

- ევროკავშირს, რა თქმა უნდა, აქვს პერსონალური სანქციების დაწესებისთვის ხელსაწყო და ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ თვალყური მიადევნოს და შეაფასოს, სწორი დრო არის თუ არა ამისთვის, მაგრამ სანქციებთან დაკავშირებით ცხადად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი უნდა მოდიოდეს ევროკავშირისგან და არა ეროვნულ დონეზე. ამასთან, მათი დაწესება შესაძლებელია ევროკავშირის შიგნით კონსენსუსის არსებობის პირობებში. ჩვენ იმდენად არ ვფოკუსირდებით სანქციებზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის იდეა არ ყოფილა, არამედ საქართველოს ხელისუფლების იდეა იყო და ქვეყნის კონსტიტუციითაც არის გამყარებული ევროკავშირის წევრობის სურვილი. საქართველოს ხელისუფლებამ ითხოვა ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა, ითხოვა კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. აქედან გამომდინარე, ყველაზე მკაფიო გზავნილი, რომლის გაჟღერებაც შეგვიძლია, არის, რომ არ იქნება არანაირი წევრობა ევროკავშირის ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში.

- ბოლო კითხვა ამ საკითხზე, ევროპარლამენტის რეზოლუციისგან განსხვავებით, თქვენს რეზოლუციაში არაა ნახსენები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, როგორია გერმანიის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ? ზოგადადაც მსურს გკითხოთ, რატომ არის ევროკავშირი დაინტერესებული საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით? გჯერათ, რომ ეს რუსეთისთვის ზიანის მიყენების ხარისხს გაზრდის ?

- ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი სანქციები აქვს დაწესებული და ეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის იმპერიალისტურ აგრესიაზე ჩვენი რეაქციის ძლიერი ნაწილია. რუსეთი თავს ესხმის მეზობელ სახელმწიფოებს და საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ პირდაპირ განიცდის რუსული ჯარების წარმომადგენლობას მისი ტერიტორიის 20%-ზე. ჩვენ ვხედავთ რუსული იმპერიალისტური აგრესიის შეჩერების აუცილებლობას, რადგან ის წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისთვის და წარმოადგენს საფრთხეს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების მოსურნე ყველა ქვეყნისთვის. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მკვეთრი გადაწყვეტილებები და შეიძლება ამ კონტექსტში განიხილოს საქართველოს სანქციებიც, მაგრამ ჩვენს რეზოლუციაში ამ საკითხზე ფოკუსირება არ მოგვიხდენია, რადგან ჩვენი ფოკუსი მიმართული იყო საქართველოში შექმნილ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე. თუმცა ჩვენ დავგმეთ რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დე ფაქტო კონტროლი.

- რომ ჩავუღრმავდეთ ევროკავშირი -საქართველოს ურთიერთობას. როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ იქნება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება საქართველოსთან იქამდე, სანამ ხელისუფლება არ გააუქმესუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ გერმანიის ელჩის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირისგან პირს იბრუნებს, მას არავინ გამოეკიდება. მსურს, გკითხოთ, მართლა ასეთი მკაცრი იქნება ევროკავშირი, რომ თუ საქართველო უკანასკნელ პერიოდში არჩეულ კურსს არ შეცვლის, მისთვის კარს სამუდამოდ დახურავს ?

- კარი აქ არის და კარი ღიაა, მაგრამ ეს საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ არ გაიაროს ამ კარში. ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას. ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ კარი იქ არის, სადაც არის ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოების ერთობა, რომელიც ცხოვრობს ლიბერალურ დემოკრატიაში, უმცირესობების დაცვითა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების იდეით. ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რასაც ეს კავშირი ეფუძნება და თუ საქართველოს ხელისუფლება წყვეტს, არ შეასრულოს ეს მოთხოვნები, გამოდის, რომ სწორედ საქართველოს გადაწყვეტილებაა, არ გაიაროს ამ კარში. ჩვენ ამ კარს არ გადავიტანთ, ჩვენ ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა. კარი ღიაა და საქართველოს შეუძლია გადაწყვიტოს, რომ გაიაროს ამ კარში, მაგრამ ეს საქართველოს გადაწყვეტილება უნდა იყოს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება უნდა იყოს და ვფიქრობ, ამის ადგილი არჩევნებზე იქნება.

- იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ არის შესაბამისი ნიშნები, მოდით დავუშვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცვლის მის ახლა აღებულ კურსს. ამ ვითარებაში თქვენთვის რამდენად რეალურია საქართველოს მმართველი ძალის პოლიტიკიდან გამომდინარე, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოხვედრა ?

- საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს სურს იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის განცხადებები ამდენად ცალსახად მიმართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ეს სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც მე მაქვს წაკითხული საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია ეს საკითხი.

- ცხადია, არჩევნების საკითხს გვერდს ვერ ავუვლით, შესაბამისად, რამდენიმე კითხვას ამ საკითხზეც დაგისვამთ. საერთაშორისო ექსპერტთა და ასევე, პოლიტიკოსთა ნაწილი აღნიშნულ არჩევნებს რეფერენდუმად აფასებს, სადაც ქართველმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს დასავლურ დემოკრატიულ და ავტოკრატიულ რუსული ტიპის მომავალს შორის. გერმანიაში როგორ უყურებენ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას?

- 26 ოქტომბერს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნამდვილად კეთდება არჩევანი, რომელი მიმართულებით სურს საქართველოს მოძრაობა - სურს თუ არა მას მოძრაობა ევროკავშირისკენ, კანონის უზენაესობისკენ, უმცირესობების დაცვისკენ, დემოკრატიისკენ და ასევე, სურს თუ არა მოძრაობა ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისკენ, რადგან სწორედ ეს არის, რაც ევროკავშირს მოაქვს მისი წევრი სახელმწიფოებისთვის. ჩვენ ამის ცალსახა მაგალითები გვაქვს ისტორიაში. ეს ერთი მიმართულებაა. მეორე მიმართულება შეიძლება იყოს მეტი ავტოკრატიისკენ და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის მეტად გაზრდისკენ. ეს გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა არჩევნებზე უნდა გააკეთოს.

- ხშირად გვესმის წინასაარჩევნო მოწოდებები პარტნიორების მხრიდან, რომ თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს არა მხოლოდ არჩევნები, არამედ წინასაარჩევნო პერიოდიც. ამის პარალელურად, დედაქალაქის ქუჩებში გვხვდება ბანერები უკრაინის განადგურების კადრებით, რომელიც საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთებას ომსა და მშვიდობას შორის უბიძგებს - აღნიშნული კამპანია მმართველ პარტიას ეკუთვნის. რა შეგიძლიათ თქვათ მსგავს კამპანიაზე?

- ვფიქრობ, ჩემი შესაფასებელი არ არის, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში, თუმცა კამპანია იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც მონიტორინგს ეუთო უწევს და საქართველო არის ეუთოს წევრი. მოწვეულები არიან დამკვირვებლები და ეს მოიცავს გრძელვადიან მონიტორინგის მისიასაც, რომელიც დააკვირდება საარჩევნო კამპანიასაც. რაც შემიძლია გერმანული პერსპექტივიდან გითხრათ, გერმანიაში ვხედავთ რუსულ გავლენას, ვხედავთ რუსული დესტაბილიზაციის ცხად სტრატეგიას, გერმანიის დემოკრატიაზე საინფორმაციო თავდასხმებს. ამ დებატებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და რუსეთის ომის საკითხი გამოყენებულია პროპაგანდისტებისა და ექსტრემისტების მიერ და შემობრუნებულია იმგვარად, რომ აჟღერებს პრორუსულ მესიჯებს, ამბობს რა, რომ რუსეთი კი არ არის ომზე პასუხისმგებელი, არამედ სხვები არიან ამაზე პასუხისმგებლები. ეს არის მკაფიო აზრი, რომლის პოპულარიზებაც ხდება გერმანიაში რუსეთის გავლენის მქონე კამპანიის წყალობით. ექსპერტი არ ვარ და ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ხდება საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში, მაგრამ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია გერმანული პერსპექტივიდან. შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი რამ ხდება ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში დასავლეთში და ჩვენ ვნახეთ გავლენა სხვა არჩევნებშიც. ეს რეალურად არის დესტაბილიზაციისა და ინფორმაციული ომის ნაწილი.

- მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება არწმუნებს საზოგადოებას, რომ სწორედ დასავლეთია, ვინც არჩევნებში ერევა და მოქალაქეების განწყობებზე ზემოქმედებს საქართველოში. ამის დასტურად ისინი თუნდაც ევროპარლამენტსა და ბუნდესტაგში მიღებულ რეზოლუციებს იშველიებენ. რას უპასუხებთ მსგავს განცხადებებს, ფიქრობთ, რომ თუნდაც ადგილობრივ დონეზე ელჩების მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნებში ჩარევად შეიძლება იქნას აღქმული ?

- ევროკავშირში წევრობა საქართველოს ხელისუფლებამ ითხოვა. საქართველოს ხელისუფლებამ ითხოვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე პირადად მთხოვეს მათ, მხარი დაგვეჭირა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის და მე ეს გავაკეთე - მხარი დავუჭირე საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. ეს მოთხოვნა გაკეთდა საქართველოს მიერ. მაგრამ ევროკავშირისთვის, რომელიც არ არის მხოლოდ ეკონომიკური კლუბი, არამედ არის ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ლიბერალური დემოკრატიის, უმცირესობების დაცვისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთგულებით, ჩვენთვის ცხადია, რომ ნებისმიერმა, ვისაც სურს გახდეს ამ საზოგადოების წევრი, უნდა შეასრულოს კონკრეტული მოთხოვნები და სწორედ ეს ავსახეთ რეზოლუციაშიც. შესაბამისად, ეს არა ჩარევა, არამედ იმის აღნიშვნაა, რომ თქვენ ვერ გახდებით ამ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების წევრი, თუ არ შეასრულებთ მოთხოვნებს.

- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი რისკი, რომელიც არჩევნებისთვის დგას, არის ის, რომ ევროპაში არჩევნების შედეგები არ აღიარონ. ის მოუწოდებს კიდეც ევროპელებს, რომ აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი. რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ეჭვი, რომ ევროპაში მსგავსი სამზადისი მიდის?

- ადგილზე იქნებიან წარმოდგენილები არჩევნების მონიტორინგის მისიები, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიები. მე პირადად ვარ ჩართული ეუთოს კონტექსტში. შესაბამისად, იქნება მკაფიო შეფასება იმისა, ჩატარდა თუ არა არჩევნები სამართლიანად, თუ არა. იქნება ამის ნეიტრალური შეფასება. საქართველოც არის ეუთოს წევრი და ქვეყნის ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლობა და აქედან გამომდინარე მკაფიო შეფასება იმისა, რამდენად სამართლიანი იყო არჩევნები.

- თქვენი პასუხი შეგვიძლია ისე მივიღოთ, რომ საქართველოში გაკეთებული ეს განცხადებები საფუძველს მოკლებული ბრალდებებია?

- დიახ, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ გვსურს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიები. ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ არის ექსპერტების გადაწყვეტილება, რომლებიც მონიტორინგს უწევენ რეალურად რა ხდება ადგილზე.

- და ბოლოს დაგისვამთ კითხვას, რომელსაც თითქმის ყველა ჩემს რესპონდენტს ვუსვამ - რა იქნება თქვენი რჩევა მმართველი ძალის მიმართ, ოპოზიციისა და ასევე ქართველი ხალხის მიმართ - როგორ ხედავთ თითოეული მათგანის როლს ქვეყანაში ვითარების გაჯანსაღების პროცესში, თუნდაც კარს მომდგარი არჩევნების პერსპექტივიდან ?

- ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყველა აქტორს აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმუშაოს ქვეყანაში კლიმატისა და საზოგადოების დეპოლარიზებისთვის და გააძლიეროს ღირებულებები, რომლებიც საკვანძოა ევროკავშირისთვის - ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, გამოხატვის თავისუფლება, უმცირესობების დაცვა. პასუხისმგებლობის მქონეთა შორის მოიაზრება ხელისუფლებაც, პარლამენტის წევრები, საპარლამენტო ოპოზიცია, არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება.

ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია საქართველოში მოქმედი ყველა მხარისთვის, რომ ამ მიმართულებით ერთად იმუშაონ.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი