ლევან ანთაძე - 26 ოქტომბერს დავასრულებთ ერთი კაცის 12-წლიან ახირებას და ბათუმი, აჭარა, სრულიად საქართველო ივლის ევროპისკენ

ბათუმში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილსა და მის მარიონეტებს არაფერი უთქვამთ 150 000 სოციალურად დაუცველზე, შიმშილის ზღვარზე მყოფ 24 000 ბავშვზე, ახალგაზრდებისგან დაცლილ, რუსებით სავსე, ჩაბეტონებულ ბათუმზე - ჩვენ 26 ოქტომბერს დავასრულებთ ერთი კაცის 12 -წლიან ახირებას და ბათუმი, აჭარა, სრულიად საქართველო ივლის ევროპისკენ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ, ბათუმში ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ივანიშვილსა და მის მარიონეტებს ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ბათუმის, მთლიანად აჭარის მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებზე.

„10 ოქტომბერს ჩვენ ვიხილეთ ბიძინა ივანიშვილის მიმართვა და ამის მოსასმენად მოიყვანეს ადამიანები საჯარო სამსახურებიდან, სკოლებიდან, მათ შორის მოსწავლეები, ბაღებიდან აღმზრდელები, რა თქმა უნდა, იძულების წესით და, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ იყო ბიძინა ივანიშვილისა და მათი მარიონეტების მიმართვა და ამ მიმართვაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ ერთი სიტყვაც კი იმ 150 000 ადამიანზე, რომლებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ერთი სიტყვაც არ თქმულა იმ 24 000 ბავშვზე, რომლებიც შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან; სიტყვა არ თქმულა რეგიონიდან წასულ ათიათასობით ახალგაზრდაზე და იმაზე, რომ ბავშვები ისე იზრდებიან, ემიგრაციაში წასულ დედას წლების განმავლობაში ვერ ნახულობენ; ივანიშვილს სიტყვა არ უთქვამს იმაზე, რომ ამის სანაცვლოდ ბათუმი ივსება რუსეთის მოქალაქეებით, რომლებიც ართმევენ ბიზნესს აჭარის მოსახლეობას, ართმევენ მათ სამუშაო ადგილებს; არცერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე, კორუფციის გამო როგორ გადააქციეს ბათუმი ჩაბეტონებულ ქალაქად და როგორ გადაივსო იგი უსახური კორპუსებით.

მე მინდა ვუთხრა ჩემს ბათუმელებს, გუშინ, ზეწოლით მიყვანილ ყველა ადამიანს, რომ თქვენი აქტიური მხარდაჭერით 26 ოქტომბერს დასრულდება ეს ხელისუფლება, ჩვენ ერთიანობით დავამთავრებთ ერთი ადამიანის 12 - წლიან ახირებას და ბათუმი, აჭარა, საქართველო წავა ევროპული განვითარების გზით, ევროპული ხელფასებით, პენსიებით, ევროპული კეთილდღეობითა და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობით და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ემიგრაციაში წასულ ჩვენს ნათესავებს, მეგობრებსა და თანამოქალაქეებს", - განაცხადა ლევან ანთაძემ, რომლის კომენტარსაც “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება