ლევან დავითაშვილი - ბათუმის ახალი მუნიციპალური პარკის მწვანე პროექტი ქალაქს გაამდიდრებს და არ შექმნის დამატებით წნეხს მშენებლობისა თუ განვითარების კუთხით

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბათუმში ახალი მუნიციპალური პარკის პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის ცენტრში კომპლექსური, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმის ურბანული განვითარების ორგანული ნაწილი გახდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ასეთი ლანდშაფტური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე ვართ. ეს არის პროექტი, რომელიც თავისი არსით და შინაარსით უნდა იყოს მდგრადი, ეკოლოგიური თვალსაზრისით - მწვანე პროექტი, რომელიც ქალაქს გაამდიდრებს და არ შექმნის დამატებით წნეხს მშენებლობისა თუ განვითარების კუთხით. ალბათ, თითოეული ბათუმელისთვის ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია, თუ რა გაკეთდება ამ ადგილას. ჩვენ გვესმის, რომ პროექტი, რომელიც აქ განხორციელდება, უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის და ქალაქი კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს, კიდევ უფრო უნდა გაალამაზოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციის მიხედვით, ბათუმის ცენტრში ახალი მუნიციპალური პარკის მშენებლობას კომპანია „სილქ დეველოპმენტი“ განახორციელებს. პარკი ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლში ინტეგრირდება, რაც ბათუმის ბულვარის გაგრძელებაა. პროექტი წამყვანი დანიური ლანდშაფტის არქიტექტურის კომპანია MASU Planning-ის მიერ არის მომზადებული და ცნობილი იაპონური არქიტექტურული კომპანიის „კენგო კუმა არქიტექტის“ მიერ დამუშავებული კონცეფციის ნაწილია, რომელიც „ბათუმი რივიერას“ უფრო დიდი პროექტის განვითარებას გულისხმობს და ინოვაციური დიზაინის "სილქ თაუერებს" მოიცავს.

პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად ახალი მუნიციპალური პარკის პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - მაია ომიაძემ, კომპანია „სილქ დეველოპმენტის“ ხელმძღვანელმა - გიორგი რამიშვილმა, ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, საჯარო და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა.

ბათუმის ახალი მუნიციპალური პარკის პროექტი მრავალფუნქციურია და სხვადასხვა ტიპის სპორტულ, გასართობ და დასასვენებელ სივრცეს მოიცავს. მათ შორის, იქ განთავსდება ორი პადელის კორტი, სპორტული მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები და ა.შ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტს სახელმწიფოს მხარდაჭერა სწორედ იქიდან გამომდინარე აქვს, რადგან ქალაქის შემდგომი განვითარება მხოლოდ ასეთი, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის პროექტების განხორციელებით უნდა მოხდეს - რომელიც ქალაქში მოიზიდავს უფრო მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ვიზიტორებს, ტურისტებს და როგორც ბათუმის, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკას წაადგება.

„ეს არის მრავალი ათეულ მილიონიანი დამატებითი ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტის ნაწილი, რომელშიც რამდენიმე ასეული მილიონი ინვესტიცია ჩაიდება. ამასთან, ახალი პარკი არსებული, უკვე ისტორიული ულამაზესი ბათუმის ბულვარის ნაწილი იქნება. ქალაქს შეემატება ახალი რეკრეაციული, მიმზიდველი სივრცე, რომელიც როგორც ბათუმელებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის საყვარელი ადგილი გახდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა