ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში  მხატვრული რეწვის და დიზაინის მეხუთე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2024” გაიხსნა

ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში მხატვრული რეწვის და დიზაინის მეხუთე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი 2024” გაიხსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიება დამთვალიერებლებს 13 ოქტომბრამდე „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეებში (პავილიონები 4,5,6) უმასპინძლებს.

„ეთნოფესტი“ შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი საქართველოს და ხელს უწყობს მისი კულტურის პოპულარიზაციას. ეს ფესტივალი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვანებს დაუკავშირდნენ როგორც ერთმანეთს, ისე კერძო სექტორსა და პოტენციურ მომხმარებლებს; ამავდროულად, გააძლიერონ ეს კავშირები. ევროკავშირი საქართველოს კულტურის სექტორისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას სხვადასხვა ფორმით უწყობს ხელს: ჩვენ ვაძლიერებთ ხელოვანთა პროფესიულ უნარებს ტრენინგების მეშვეობით, ვეხმარებით მათ კერძო სექტორთან კავშირების დამყარებაში და ვმუშაობთ მაღალი სტანდარტების დანერგვაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს შემოქმედებით დარგებში შემოსავლებისა და შესაძლებლობების ზრდას, ასევე, ინკლუზიური სოციალურ -ეკონომიკური განვითარების პროცესს“, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ლუჩია დი ტროია.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი”- სამხრეთ კავკასიაში დარგის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და ბიზნეს შეხვედრებს.

„ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ერთ სივრცეში თავს უყრის შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს - დიზაინერებს, მეწარმეებს, ხალხური რეწვის, ხელნაკეთი პროდუქციის ოსტატებს, მხატვრებს და სხვ. სამიტს ესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, კომერციული აგენტები, ტუროპერატორები და ბიზნესის წარმომადგენლები. ფესტივალი ქმნის დარგის ეკონომიკური მდგრადობის, ადგილობრივი სასაჩუქრე ბაზრის განვითარების, საერთაშორისო ბაზარზე ქართული ნაწარმის ცნობადობის გაზრდის, პროდუქციის მარკეტინგის და მწარმოებლების ინტეგრაციის შესაძლებლობას. ყველა თბილისელისა და ჩამოსული სტუმრისთვის „ეთნოფესტი“ ქმნის ახალ ტურისტულ სანახაობას და დამსახურებულ ადგილს იკავებს მსგავს საერთაშორისო გამოფენებს შორის.

„ეთნოფესტი“ 2016 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დაარსდა და მას შემდეგ ბიენალეს პრინციპით ოპერირებს. ამ წლის ღონისძიების თანაორგანიზატორები და თანადამფინანსებლები არიან ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა (CREA), ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის მცირე გრანტების პროგრამა, თბილისის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „ჩეხეთის ცენტრი - თბილისი“, ბრიტანეთის საბჭო და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები.

2024 წლის სამიტი აერთიანებს შემდეგ ღონისძიებებს: მხატვრული რეწვის და დიზაინის გამოფენა / ექსპო, უნგრეთის, სლოვენიის, პოლონეთის, თურქეთის და საქართველოს - ახალგაზრდა ხელოვანებისა და დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა - reDiscover, ჩეხური მინის მასტერკლასი, საჯარო ლექციების სერია, სხვადასხვა პროფესიული მასტერკლასები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ინდივიდუალური კონსულტაციები, კონკურსი „ საუკეთესო სტენდი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია