BILD - გერმანია უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის გადაცემას აღარ აპირებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი არ დაეთანხმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ასევე, როგორც ჩანს, არ აპირებს ქვეყანას მძიმე ტექნიკა გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BILD-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპის ქვეყნებში ვიზიტების დროს ზელენსკიმ ორი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენა, მათ შორის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან: დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვა რუსეთში სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ, რისთვისაც ზელენსკი მოითხოვს შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდებას, როგორიცაა Storm Shadow გაერთიანებული სამეფოდან, Scalp EG-ი საფრანგეთიდან და Taurus-ი გერმანიიდან და ასევე ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარებული პროცესი (რუსეთთან დაკავშირებით უსაფრთხოების გარანტიების ჩათვლით).

BILD-ის ცნობით, ამ მოთხოვნებს ბერლინში ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ. ოლაფ შოლცს მკაფიო "არა" არ განუცხადებია, მაგრამ არც დადებითი პასუხი გაუცია.

ამასთან, BILD-ის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს არ სჯერა, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში შეძლებს შეტევის დაწყებას თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. გამოცემა ასევე წერს, რომ ბუნდესვერი უკრაინას მძინე ტექნიკას აღარ გადასცემს. დოკუმენტში, რომელიც BILD-ისთვის გახდა ხელმისაწვდომი, აღნიშნულია, რომ გადაცემა დასრულებულია.

„ამრიგად, Leopard 2-ის 18 ტანკის გაგზავნის შემდეგ, შემდგომი მიწოდება აღარ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესვერს მარაგში დაახლოებით 300 ასეთი ტანკი აქვს. იგივე ეხება სხვა ტიპის აღჭურვილობას - ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და სხვა“, - წერს BILD-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის სიტუაცია გაუარესდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააუქმა შეხვედრა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე, რომელიც ამ შაბათ-კვირას გერმანიაში, რამშტაინში უნდა ჩატარებულიყო. ბაიდენის გერმანიაში ვიზიტის გაუქმების ოფიციალური მიზეზი ქარიშხალი „მილტონია“, რომელიც პარასკევს ფლორიდის სანაპიროს დაატყდა თავს. თუმცა, BILD-ის წყაროს თქმით, ეს მხოლოდ საბაბია და ბაიდენს, სავარაუდოდ, არ სურს შეერთებული შტატების 5 ნოემბრის არჩევნებამდე მეტი კომენტარი გააკეთოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა