დღევანდელი მდგომარეობით, ამ მოდელის გადარჩენის შანსი არის ის, რომ თავად, სალომე ზურაბიშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ამ გზას ყველაზე ეფექტურად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაივლის, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობაში მას ყველაზე მაღალი წონა აქვს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მისი [სალომე ზურაბიშვილის] კანდიდატი საინტერესო პიროვნება იქნება, მაგრამ ვინც არ უნდა წარმოადგინოს, ეს პროექტი ვერ შედგება. ვიცი პარტიების განწყობები. კონფრონტაცია, რა ნიშნის მოგებითაც საუბრობს „გირჩი“, არ არის სასურველი, დააზიანებს ყველაფერს და ხელისუფლების სასარგებლო იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, ამ მოდელის გადარჩენის შანსი არის ის, რომ თავად, სალომე ზურაბიშვილი გახდეს ასეთი კანდიდატი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის დროებითი, ტექნიკური მთავრობა, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნება და ამის შემდეგ ტექნიკური მთავრობა უნდა გადადგეს, ამ გზას ყველაზე ეფექტურად პრეზიდენტი გაივლის, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობაში მას აქვს ყველაზე მაღალი წონა და მას შეუძლია ამ პროცესის საუკეთესოდ წარმართვა. გარდა ამისა, თუ ის განიხილავდა პოსტსაარჩევნოდ გახდეს ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ერთ-ერთი შეთანხმებული კანდიდატი, ამაზე პარტიებიც ვერ დაიწყებდნენ წუწუნს, რადგან მერე თავის თავს დააბრალონ რა შედეგს მიიღებენ არჩევნებზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი შეფასებით, შეიძლება დღეს პრეზიდენტი გაბრაზებული იყოს ოპოზიციური პარტიების პოზიციების გამო და უფრო მეტი კატეგორიულობით მოიქცეს, მაგრამ, მისი თქმით, ამით ყველა წავაგებთ.
„საბოლოო ჯამში, თვითონ პრეზიდენტიც წააგებს. ახლა პოლემიკის წამოწყების დრო არ არის. ვისურვებდი, რომ პოლემიკა შეწყდეს და არჩევნებს მივხედოთ. ამ მოცემულობით წავიდეთ არჩევნებზე და ქვეყანა დავუბრუნოთ ევროპულ გზას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, მას სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბიშვილი ყოფილიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რაზეც პრეზიდენტი არ ყოფილა კატეგორიული.
თუმცა, ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტმა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა.
„სალომე ზურაბიშვილთან მქონდა საუბარი. ადამიანურად მესმის თუ რატომ არ უნდა ამ ტვირთის აკიდება. ვუთხარი, რომ ეს საკითხი მარტივად გადაწყვეტილიყო, ამის ფორმულა იყო მისი საკითხი დამდგარიყო. ამ შემთხვევაში პარტიებს არ ექნებოდათ მანევრი და ყველაფერი შეთანხმდებოდა. ნებისმიერი ალტერნატივის შემოტანა რისკების შემცველი იყო. პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ოპტიმისტურად წამოვედი, რადგან ის არ ყოფილა კატეგორიული იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ განიხილავდა ამ საკითხს. თუმცა, შემდეგ, როგორც ჩემამდე მოვიდა ხმა, ის ამაზე არ იყო თანახმა, ესეც მესმის თუ რატომ და როგორ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.