„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - დიდი ალბათობით, საჯარო მოსამსახურეების მხრიდან, მმართველი პარტიისათვის ხმების მობილიზების მიზნით, ადგილი აქვს დანაშაულების მასობრივად ჩადენას

დიდი ალბათობით, საჯარო მოსამსახურეების მხრიდან, მმართველი პარტიისათვის ხმების მობილიზების მიზნით, ადგილი აქვს დანაშაულების მასობრივად ჩადენას, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სამართალდამცველებს გამოიძიონ სისტემური დანაშაულის ნიშნების მქონე ფაქტები.

„2024 წლის 12 ოქტომბერს ტვ „პირველის“ საგამოძიებო გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა სიუჟეტი სამინისტროების, მუნიციპალიტეტების, სხვა საჯარო დაწესებულებების, სახელმწიფო და ხელისუფლებასთან დაახლოებული კერძო კომპანიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების საიდუმლო სიების შესახებ, რომელიც ადასტურებს, თუ როგორ ავალებენ და აიძულებენ საჯარო მოხელეებს, შეაგროვონ და მმართველ პარტიაში გადააგზავნონ მათი პირადი და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები არჩევნებზე ამ პირების მიერ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემის უზრუნველყოფის მიზნით. სიუჟეტში ასახული მასალა არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ 2022 წელს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილი ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების მასშტაბური სქემა კვლავ მოქმედებს.

ერთ-ერთ ასეთ სიაში, რომელიც „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტის ხელში აღმოჩნდა, შეყვანილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს კრიმინალური და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტების, თავდაცვის სამინისტროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის, საქაერონავიგაციის, „აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, მათი სახელების, გვარების, პირადი ნომრების, მისამართებისა და ტელეფონის ნომრების მითითებით.

სიაში პირველ ნომრად მითითებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გ.ო., რომელსაც სიაში ასევე შეყვანილი ჰყავს თავისი ოჯახის წევრები - ხ. (ცოლი), ი.ა. (დედა), დ.ო. (ძმა), მ.ბ. (რძალი), ო.ო. და თ.ო. (დები). ამ პირების ნამდვილობა გ.ო.-ს დედამ დაადასტურა, ხოლო თავად გ.ო.-მ ჟურნალისტთან კონტაქტს თავი აარიდა.

სიაში შეტანილია ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის ე.ა.-ს მონაცემებიც, რომელმაც, თავის მხრივ, სიაში თავისი 18 წლის ქალიშვილის ს.-ს მონაცემებიც შეიტანა. ს.-თვის ეს პირველი არჩევნებია და პოლიციელი მამის ზეგავლენა მასზე აშკარაა.

სიაში შეყვანილნი არიან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მოადგილე ი.ნ და მისი მეუღლე მ.გ., რომელიც თავადაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია. იგი სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს მთავარი მენეჯერია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი თ.ზ., რომელმაც სიაში თავისი მეუღლე ვ.-ც შეიყვანა, ჟურნალისტთან საუბარში, რომელმაც თავი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად გააცნო, თავისი და ცოლის სახელითაც დადო პირობა, რომ ის და მისი მეუღლე ხმას მმართველ პარტიას მისცემდნენ. „მაგი ჩემ განკარგულებაშია“-ო ბრძანა მეუღლის შესახებ თ.ზ.-მ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რწმუნებულმა კ.ო.-მ სიაში საკუთარი თავის გარდა, ცოლის - ნ.მ.-ს და 19 წლის შვილის - მ.ო.-ს მონაცემებიც შეიტანა. აღსანიშნავია, რომ კ.ო.-ს მეუღლეც საჯარო მოსამსახურეა, იგი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომელია.

სიაში, შვილებთან ერთად ასევე შეტანილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის მ.გ.-ს პერსონალური მონაცემებიც. აღსანიშნავია, რომ როდესაც ჟურნალისტმა მ.გ.-ს სამუშაო საათებში სამსახურში მიაკითხა, მას უთხრეს, რომ მ.გ. „ქართული ოცნების“ შტაბში იყო წასული. ჟურნალისტს, რომელმაც განცვიფრება ვერ დამალა საჯარო მოხელის სამუშაო საათებში მმართველი პარტიის შტაბში სიარულის გამო, მერიის ადგილზე მყოფმა თანამშრომელმა განუმარტა, რომ ამგვარი საქმიანობაც „სამუშაო საათებთან“ იყო დაკავშირებული.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაარსებული ა(ა)იპ „გარდაბნის სერვისის“ ხელმძღვანელი დ.ო. მმართველ პარტიას ოჯახიდან 4 ხმას პირდება. მისი მეუღლე ე.ხ. სკოლის დირექტორია.

სიაში ასევე მოხვდნენ „საქართველოს გაზისა და ნავთობის კომპანიის“, „საქაერონავიგაციის“, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, ავიაკომპანიების „ჯეო სკაი“-ს და „აირზენას“ თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები.

სიუჟეტში ასევე მოთხრობილია „ქართული ოცნების“ ჭიათურის შტაბის თანამშრომლის ლ.შ.-ს მიერ ჭიათურის 40 ადრესატის დაწესებულებისთვის 4 ოქტომბერს ელ-ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების შესახებ, რითაც ადრესატებს თხოვდნენ 5 ოქტომბრამდე პერსონალური მონაცემებით შეევსოთ თანდართული ფორმა, რომელსაც პირობითად „თემატური“ ფორმა უწოდეს.

შოკისმომგვრელია ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მე-2 “დ“ კლასის მშობლებისთვის მობილური ტელეფონით გაგზავნილი შეტყობინება, რომლითაც მშობლებს აცნობებენ, რომ ვინმე „თამუნა მასწ.“-ის ინფორმაციით, წინა დღით შედგა მასწავლებლების თათბირი დირექციასთან არჩევნების თაობაზე, რომელზეც გადაწყდა, რომ მშობლებისგან გამოეთხოვათ ინფორმაცია, ვის აძლევენ ხმას, - „მმართველ პარტიას, სხვას, თუ თავს იკავებენ“. „გთხოვთ, დააფიქსიროთ აზრი“-ო, ასე თავდება ეს შეტყობინება.

ზემოთ აღწერილი ცნობები და მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით, საჯარო მოსამსახურეების მხრიდან, მმართველი პარტიისათვის ხმების მობილიზების მიზნით, ადგილი აქვს დანაშაულების მასობრივად ჩადენას. ეს დანაშაულები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად:

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული დანაშაულები: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად აკრძალულია “პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. დარღვევების სხვადასხვა დოკუმენტირებულ შემთხვევებს შორის, ერთ-ერთი მაგალითი ეხება საჯარო მოხელეებისთვის მიცემულ მითითებას, შეეგროვებინათ მათი და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები. ასეთი მონაცემები, მათ შორის სახელები, მისამართები და პირადი ნომრები, მათ წარუდგინეს მმართველ პარტიას საარჩევნო მიზნებისთვის. სხვადასხვა სამინისტროებიდან და საჯარო დაწესებულებებიდან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან, შეგროვებული სიები ნათლად აჩვენებს ამ უკანონო საქმიანობის მასშტაბს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

საარჩევნო ხმის ფარულობასთან და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული დანაშაულები: სისხლის სამართლის კოდექსის 1644 მუხლით, დანაშაულს წარმოადგენს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი იძულებით ან მუქარით. დოკუმენტირებულ შემთხვევებს შორის, ერთ-ერთი საყურადღებო მაგალითია გარდაბნის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლა, რათა მათ უზრუნველეყოთ მმართველი პარტიისთვის ხმების მობილიზება, მათ შორის თავიანთი ოჯახის წევრების ჩათვლით. აღნიშნული ხაზს უსვამს ამომრჩეველთა ნებაზე მანიპულაციის სისტემურ ხასიათს.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული დანაშაულები: მათივე ქმედება შეიძლება ასევე დაკვალიფიცირდეს, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან გადამეტება, დანაშაულები გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით. დოკუმენტირებულ დარღვევებს შორის, ასევე აღსანიშნავია ოფიციალური სამუშაო საათებისა და საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენება, მათ შორის მმართველი პარტიის შტაბში ვიზიტები სამუშაო საათების განმავლობაში. აღნიშნული, სხვა მსგავს შემთხვევებთან ერთად, ნათლად ექცევა კანონით განსაზღვრული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფარგლებში.

მოვუწოდებთ სამართალდამცველებს გამოიძიონ ეს სისტემური დანაშაულის ნიშნების მქონე ფაქტები”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა