„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან მისაღები გრანტები 91 მლნ ლარით მცირდება - 2025 წელს მთავრობა 3.6 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურება და აფასებს.

ორგანიზაციის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან მისაღები გრანტები 91 მლნ ლარით მცირდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობითვე, ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ გრანტებშია. 2025 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 15 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 92 მლნ ლარით ნაკლებია.

„საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა. გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოკლე შეფასებას ამ პროექტთან დაკავშირებით.

აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის. არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.

2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2.3 მლრდ ლარით გაიზრდება და 26.9 მლრდ ლარს მიაღწევს. ასეთ მატებას საგადასახადო შემოსავლების 2.1 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს; 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობა დასავლეთს ქვეყნებისგან 91 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს. ცალკე აღებული ევროკავშირის გრანტი 92 მლნ ლარით მცირდება და მხოლოდ 15 მლნ ლარი იქნება. 2025 წელს მთავრობა დასავლეთის ქვეყნებისგან მხოლოდ 60 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია;

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი (გადასახდელები) 27 მლრდ ლარი იქნება, რაც 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე 2 მლრდ ლარით მეტია; ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 871 მლნ ლარით იზრდება და 8.7 მლრდ ლარი ხდება, განათლებისა სამინისტროს ბიუჯეტი 377 მლნ ლარით იზრდება და 2.9 მლრდ ლარი ხდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 220 მლნ ლარით იზრდება 1.6 მლრდ ლარი ხდება;

მნიშვნელოვნად მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება - 255 მლნ ლარით. კლებას ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსების შემცირება განაპირობებს; საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 336 მლნ ლარით მატებას იწვევს;

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1,160-ით იზრდება. ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - 1,204-ით. 35-ით იზრდება ანტიკორუფციულ ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობა; 2025 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 335 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 35 ლარით მოიმატებს და 450 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 490 მლნ ლარით ზრდას იწვევს;

ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი (მშპ-ის 2.3%) იქნება; 2025 წელს მთავრობა 3.6 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს. 2025 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 35.8 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 36.8% იქნება. 2024 წელთან შედარებით, ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 0.3% პუნქტით იზრდება.

2025 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 26.9 მლრდ ლარი იქნება, რაც 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 2.3 მლრდ ლარით (9%-ით) მეტია.

შემოსულობების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი საგადასახადო შემოსავლების ზრდას შეაქვს, რომელიც 2025 წელს 2.1 მლრდ ლარით გაიზრდება და 21.2 მლრდ ლარი გახდება. მათ შორის, 830 მლნ ლარით იზრდება საშემოსავლო გადასახადით მისაღები თანხა. 671 მლნ ლარით - დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ), ხოლო 210 მლნ ლარით - მოგების გადასახადით მისაღები თანხა.

საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობებისგან მისაღები გრანტები 91 მლნ ლარით მცირდება. ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ გრანტებშია. 2025 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 15 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 92 მლნ ლარით ნაკლებია. ევროკავშირის 15 მლნ გრანტი აჭარის სოფლების წყალმომარაგების პროექტზე და ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. ევროკავშირისგან აღარ დაფინანსდება ისეთ პროგრამები, როგორებიცაა: ტერიტორიული განვითარება, დასაქმების ბაზრის განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება და ა.შ”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის