12 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო მთავარი ძალა, რომელიც ასხივებდა ცვლილებას, წინააღმდეგობას და რომელიც ერთი წუთით არ უშინდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეპრესიებს და შურისძიებას - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ახლაც იქნება ცვლილებების მთავარი ლოკომოტივი. ერთიანობით ვამარცხებთ ბიძინას, ერთიანობით ვათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც მხოლოდ იმისთვის იდევნება, რომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გურია მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოში არავის ესწავლება სამშობლოს სიყვარული, რომ საქართველო არ იყიდება და რომ საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის.
„ესეც კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილს, რომ გურია მტრის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის. ჩვენ გვეამაყება ქართველობა, ჩვენი სიმართლე და სწორედ ამ სიმართლით, ერთიანობით ჩვენი ქვეყნისთვის ცვლილებებს აუცილებლად მოვიტანთ. მე მჯერა, რომ ერთიანობით 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, სადაც ივანიშვილმა ქართველი ხალხი რეფერენდუმის წინაშე დააყენა, რეფერენდუმის ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეს, იზოლაციას შორის, გურია, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი, ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, თბილისი, ყველა მხარე, საქართველოს თითოეული მოქალაქე აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სწორედ ევროპაშია მაღალი პენსიები, მაღალი ხელფასები, ღირსეული სიბერეც და ლაღი ბავშვობაც ჩვენი ბავშვებისთვის. ევროპაშია, მათ შორის სწორედ უსაფრთხოება, რომელზეც ისინი ასე ყალბად საუბრობენ, მათი ტყუილებით ისინი ამ არჩევნების შედეგს ვეღარ შეცვლიან. ამ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. დღეს, არ მინდა ბევრი ვისაუბრო ივანიშვილზე, რადგან ივანიშვილი დღეს, უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსულია. საქართველოს მომავალი ხართ თქვენ, ერთიანობა, კოალიციური მთავრობა, დემოკრატია, სადაც არ კრძალავენ ოპოზიციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყოველდღიურად ხალხის ხარჯზე მდიდრდება.
„ეს უსამართლობა, უთანასწორობა, კორუფცია, სიღატაკე, საერთაშორისო იზოლაცია, სადაც საქართველოს მთავრობას ხელს აღარავინ ართმევს, სადაც შეხვედრებს უუქმებენ, სადაც საზღვარგარეთ თავი აქვს მოჭრილი ჩვენ ქვეყანას მათი სახელით. 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ეს ყველაფერი, ეს სირცხვილი ჩვენ უნდა დავასრულოთ, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“ . -განაცხადა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ევროპული კეთილდღეობისთვის საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს.