კახა კალაძე „მგზავრების“ გადაწყვეტილებაზე - მე ვმღერი, მე ვიმღერებ! - ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ, რა ევროპულ მომავალზე გველაპარაკებიან?!

მე ვმღერი, მე ვიმღერებ! - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, 20 ოქტომბერს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, მომღერლებიდან ვინ მიიღებს მონაწილეობას.

„20 ოქტომბერს იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, ნახავთ, რა მაგარი პროექტი გამოვიდა და საკმაოდ სასიამოვნო საღამო ელოდება იქ მოსულ საზოგადოებას“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, ჯგუფი „მგზავრების“ მდგომარეობაში შედის და მათი გადაწყვეტილება კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ესმის.

„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი ეს არის ევროპა და თუ რამე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშია. შესაბამისად, ეს განცხადებები ჩვეულებრივ ფარისევლურია, ეს გადაწყვეტილება რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი იყო პირველ რიგში მათთვის, თორემ ამით რა დამიშავდა, ან იქ მისულ ადამიანებს ამით რა დაუშავდებათ. თქვენ თუ დააკვირდით, ყველა შეურაცხყოფას აყენებდა ამ ადამიანებს თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე. ღირსება არ უნდა დაკარგო, სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო. რატომ არის ფარისევლობა - ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს რომ იღებ, რა ევროპაზე გველაპარაკებიან, რა ევროპულ მომავალზე გველაპარაკებიან. ერთი სიტყვა არ უხსენებიათ ოკუპაციასთან დაკავშირებით, ერთი სიტყვა, რადგან თუ ამას ახსენებენ, იქ აღარავინ არ შეუშვებს, ალბათ.

ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო და იმ ზეწოლის შედეგად გააუქმეს, ეს ჩვეულებრივ ფაშიზმია, ეს ლიბერალიზმი რაც არის, ფაშისტური ქმედებები, ვნახეთ რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ, არ გავიმეორებ, ერთ-ერთმა მათგანმა რა შეურაცხყოფები მიაყენა, პირდაპირ აგინებდნენ, მაგრამ ჩვენ ამ ადამიანებსაც გავათავისუფლებთ. „მგზავრების“ მდგომარეობაში გულწრფელად გეუბნებით, შევდივარ და მესმის, იმ წნეხში, იმ ზეწოლაში, იმ ბულინგში, სადაც ისინი იმყოფებიან, შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქე იყოს. 26 ოქტომბერს ყველას გავათავისუფლებთ და ქვეყანაში იქნება მშვიდობა, ყველას ექნება შესაძლებლობა თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედოს, გააკეთოს ვისაც, რა სურს და არა მაქარაშვილებს, ფერაძეებს და მსგავსი ტიპის ტიპის ელემენტებს როგორც უნდათ“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გაახსენდათ ახლა ის ფაქტი, რომ „მგზავრები“ რუსეთში მღეროდნენ და აძლევდნენ მათ საშუალებას სამთავრობო ღონისძიებებზე მონაწილეობა მიეღოთ, კალაძე პასუხობს, რომ „მას არ ახსოვს „მგზავრების“ კონცერტი გაგვეკეთებინოთ და ცალკე აღებული მათი კონცერტი ყოფილიყო“.

„მე არ ვამბობ კაცო, მიუღებელი იყოო, თვითონ განაცხადეს მიუღებელიაო და ჩვენი გზა ევროპაშიაო, თითქოს, ქვეყანა სხვაგან მიდიოდეს, ამას ვიძახი, ეს არის ფარისევლობა-მეთქი. ეს ხომ არ არის პოლიტიკური ღონისძიება, ეს არის ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე არ გაკეთებულა“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ შეარჩიეს ღონისძიების ჩატარების თარიღად 20 ოქტომბერი, როცა მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ არის დაგეგმილი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ის „რადიკალების“ გეგმებით ვერ იხელმძღვანელებს.

„რა მარში, რის მარში?! იმაზე ვიარო, რადიკალები რას გააკეთებენ და როდის შეიკრიბებიან, ამით ვიხელმძღვანელო, რას გავაკეთებ, როდის გავხსნი და როდის დავასრულებ სამუშაოებს? ამით ვიხელმძღვანელო? - გეკითხებით!“ - განაცხადა კალაძემ.

რეპლიკაზე, რომ იქ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც იქნებიან, თბილისის მერი უარყოფით პასუხს სცემს.

„ვერ იდგებიან, რადგან მეორე მხარეს არის რადიკალიზმი, ბოროტება. წარმოუდგენელია, ყველაფრის კადრება შეუძლიათ ამ ადამიანებს, ყველაფრის მკადრებლები არიან, როგორ შეიძლება გვარამიას, მელიას, ხაზარაძის გვერდით იდგეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ზღვისუბნის პარკის გახსნაზე „მგზავრების“ კონცერტი აღარ გაიმართება. დედაქალაქის მერიის განცხადებით, „მგზავრებმა“ ბულინგს ვერ გაუძლეს.

თავის მხრივ, „მგზავრები“ თავიანთ გულშემატკივრებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის