დიპლომატიური ენიდან გამოვიდა ეს ხალხი და პირდაპირ თქვეს, რომ ამ მთავრობით ევროკავშირში ვერ შეხვალთ, რომ დღეს გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული, რომ ეს მთავრობა ევროკავშირს საქართველოს მტრად მიიჩნევს და ევროკავშირი საქართველოს მტერი არ არის - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ევროპელი პარტნიორების მიერ გაჟღერებული განცხადებების თაობაზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ევროპელ ლიდერებს ექნებათ კოორდინირებული პოზიცია და ეს პოზიცია, დიდი ალბათობით, იქნება კოორდინირებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ხელისუფლება დღეს მთელი თავისი პოლიტიკური ელიტით იმდენად უსუსურ მდგომარეობაშია, იძულებულია თქვას, რომ ევროკავშირი ცუდია, ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში, გვთხოვენ მეორე ფრონტის გახსნას და ა.შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა თავის უაზრო გამოსვლას ამთავრებს ამ ბოლო წინადადებით, რომ ჩვენ 2030 წელს მაინც მიგვიყვანს ევროკავშირში. რატომ? იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა და მათი ცივილიზაციური არჩევანი ბოლო 30 წლის განმავლობაში არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და ამიტომ, იძულებულია, ეს ტყუილები ილაპარაკოს.
რა არის საგულისხმო ჩვენი ევროპელი პარტნიორების დღევანდელ განცხადებაში - დაახლოებით ერთი თვეა, რაც ჩანს მაგრამ დღეს უფრო აშკარად გამოჩნდა კოორდინირებული ხასიათი, რომ ევროკავშირის, როგორც ბრიუსელის შესაბამისი უწყებების, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების პოზიციები ერთმანეთისგან არ იქნება განსხვავებული. მათ ექნებათ კოორდინირებული პოზიცია და ეს კოორდინირებული პოზიცია, დიდი ალბათობით, იქნება კოორდინირებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან - მე ამაში დარწმუნებული ვარ.
კოორდინაცია მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად, დიპლომატიური ენიდან გამოვიდა ეს ხალხი და პირდაპირ თქვეს, რომ ამ მთავრობით ევროკავშირში ვერ შეხვალთ, რომ დღეს გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული, რომ ეს მთავრობა ევროკავშირს საქართველოს მტრად მიიჩნევს და ევროკავშირი საქართველოს მტერი არ არის. ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაციიდან საქართველო უკვე გამოაგდეს. ეს ყველაფერი იკვრება ერთ დიდ სურათად, რომელიც ამბობს, რომ თუ საქართველოს უნდა ცივილიზაციური, დემოკრატიული სამყაროს ნაწილი იყოს, მაშინ არჩევნებზე შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი რაც არის და ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა, ევროკავშირის ელჩის ნარატივში, რომ ყველა ნაბიჯთან და ინსტრუმენტთან ერთად, ჩვენ ალბათ გამოვიყენებთ ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებასო, რაც, რა თქმა უნდა, დააზიანებს რიგით ქართველს. მე ვისურვებდი და მოვუწოდებდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ, პირველ რიგში, მათ პასუხისმგებლობა დააკისრონ იმ პერსონებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული საქართველოს დემოკრატიის უკუსვლასთან.
„ქართულმა ოცნებამ” ყველა ხიდი დაწვა. დიპლომატიის ენაზე იცით რას ნიშნავს ევროკავშირის ელჩისა და ემანუელ მაკრონის განცხადებები? ან დიპლომატიურ ენაზე რას ნიშნავს ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერი ჩაიყვანეს ნიუ-იორკში, მიიყვანეს კართან და იქ კარი დაუხურეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მიუღებლები არიან. ეს ქვეყანასაც ძალიან აზიანებს”, - აღნიშნა გახარიამ.