სოფო ჯაფარიძე - კაბალური საპენსიო სესხები  განულდება 1-ელ დეკემბრამდე, პენსია გაიზრდება1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები ექნებათ პენსიონერებს -  ასევე, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიები გაიზრდება ეტაპობრივად

კაბალური საპენსიო სესხების განულება 1-ელ დეკემბრამდე, პენსიის გაზრდა 1000 ლარამდე, უფასო მედიკამენტები პენსიონერებს, შშმ პირებისა და ომის ვეტერანთა პენსიების ეტაპობრივი ზრდა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ კოალიციის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

სოფო ჯაფარიძემ პროგრამის პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის დაპირებები, რომლებსაც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვების შემთხვევაში მოქალაქეებს ჰპირდება.

"მოგესალმებით, გამარჯვებამდე ზუსტად ხუთი დღით ადრე. მეგობრებო, ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, გვაქვს უკანასკნელი შანსი, რომ მოვიშოროთ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ ბედნიერი და ღირსეული ცხოვრება, ისეთი, როგორსაც ისინი რეალურად იმსახურებენ. მე ყოველდღიურად მიწევს პენსიონერებთან შეხვედრა და უმძიმესია ის ყოფა, ის რეალობა, რომლის წინაშეც ისინი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ დააყენა. რეალურად, მათ ყოველდღიურად უწევთ არჩევანის გაკეთებას საკვებსა და მედიკამენტებს შორის, ასევე, უდიდესი პრობლემა, რომლის წინაშეც ისინი დგანან, არის კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხები.

"ქართულმა ოცნებამ" შექმნა გარემო, რომელშიც ბანკებს აქვთ საშუალება, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდონ ჩვენი უძვირფასესი პენსიონერები, მაგრამ ჩვენ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" გპირდებით, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე, 1 -ელ დეკემბრამდე, თქვენ გაგინულდებათ საპენსიო სესხები. გპირდებით, რომ ზამთარს შეხვდებით ამ კაბალურ პირობებში აღებული საპენსიო სესხების გარეშე და გექნებათ ღირსეული, მშვიდი სიბერე, რასაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. ჩვენი საპენსიო რეფორმა არ ითვალისწინებს მხოლოდ საპენსიო სესხების განულებას, ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდიან დახმარებას, რაზეც უკვე ისაუბრეს თინამ, გიორგიმ და სხვებმა და ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის უდიდესი მხარდაჭერა, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ, გავზარდოთ თქვენი პენსია 1000 ლარამდე.

გარდა ასაკობრივი პენსიისა, აუცილებლად გაიზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ჯგუფის პენსია, გაიზრდება ომის ვეტერანთა პენსია, ცვლილებები პირველ ეტაპზე დაეტყობა ასაკობრივ პენსიას და შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. მე, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს, კარგად მესმის, რომ შეუძლებელია ბედნიერება ჯანმრთელობის დაცვის გარეშე. "ქართული ოცნების" მავნებლურმა მიდგომებმა შეძლო ის, რომ დღეს უამრავი ჩვენი მოქალაქე ვერ ახერხებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენას. ჩვენ გპირდებით: როგორც კი მოვიშორებთ ქართულ ოცნებას, ყველა პენსიონერს ექიმის მიერ დანიშნული ყველა მედიკამენტი ექნება უფასოდ”, - დასძინა ჯაფარიძემ.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოს ისტორიაში.

„ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ ვირჩევთ ან კეთილდღეობას ევროპაში, ან სიღატაკეს იზოლაციაში. მე მჯერა, რომ ხუთიანი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იტყვის გადამწყვეტ სიტყვას ამ არჩევნებზე, ჩვენ ერთიანობით გავიმარჯვებთ და აუცილებლად დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე. წინ, გამარჯვებისკენ, რომლის მიღწევამდეც ხუთი დღე დარჩა", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო