იმ ადამიანებს, ვინც ბულინგის ადრესატია, არაფერი აკლდებათ, ისინი ღირსეული ადამიანები არიან, მათ აქვთ თავისი სიტყვის, აზრის, პოზიციის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის მიმართ საზოგადოების ნაწილის კრიტიკას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ბულინგის განმახორციელებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან „რადიკალური ფრთის წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული პირები“.
„სამწუხაროა, მაგრამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ბულინგის არაერთ კონკრეტულ ფაქტს შევესწარით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ფაქტი დაუშვებელია და მიუღებელია, მაგრამ საზოგადოება ხედავს და რწმუნდება, რომ ამ ბულინგის განმახორციელებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან რადიკალური ფრთის წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული პირები. ნებისმიერი განსხვავებული აზრი ამ ადამიანებისთვის მიუღებელია. შესაბამისად, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ საკუთარი რეალური სახის ლუსტრაციას ამით ახდენენ. ამ ბულინგის ფონზე, იმ ადამიანებს, ვინც ბულინგის ადრესატია, არაფერი აკლდებათ, ისინი ღირსეული ადამიანები არიან, მათ აქვთ თავისი სიტყვის, აზრის, პოზიციის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სწორედ რომ ეს ერთ-ერთი ის ღირებულებაა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან უზრუნველყოფილი იქნა. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ადამიანებს ზიზღი და ცუდი ზრახვები ამოძრავებთ, რაც აი, ამ ბულინგის ფორმით არის გამოხატული“, - განაცხადა მიქანაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ მოახერხა მმართველმა პარტიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელების დარწმუნება საარჩევნო კლიპში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მიქანაძე განმარტავს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის, რომ ეროვნული ნაკრების დანარჩენმა 19 ფეხბურთელმა უარი თქვა კლიპში მონაწილეობაზე.
„სამარცხვინოა ეს კითხვა. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ იმისა, რომ ეროვნული ნაკრების 19-მა ფეხბურთელმა უარი თქვა ამ კლიპში ჩაწერასთან დაკავშირებით, მანიპულირებთ ინფორმაციით და ეს შეკითხვაც არის იმ ბულინგის შემადგენელი ნაწილი, რომ თქვენ ხართ, აბსოლუტურად ისტერიაში ჩავარდნილი, ისევე როგორც თქვენთან უშუალოდ დაკავშირებული პოლიტიკური სუბიექტები. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენთვის წარმოუდგენელია, მიუღებელია, რომ ფეხბურთელები მიმდინარე პროცესებს ჯანსაღად უყურებენ, სიტუაციას აფასებენ და ორიენტირებულები არიან იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე, რომელმაც ამ ქვეყანაში უზრუნველყო მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება. გისურვებთ, რომ ასეთი ბულინგის ტირაჟირებისგან გათავისუფლდეთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპი წარადგინა, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები მონაწილეობენ.