„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ დემოკრატიული გარემოსთვის მნიშვნელოვან ოთხ სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2020-2024 წლებში, დემოკრატიული გარემოსთვის მნიშვნელოვან ოთხ სფეროში (ანტიკორუფციული გარემო, სასამართლო სისტემა, საპარლამენტო ზედამხედველობა და მედიაგარემო) არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, დემოკრატიის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოდ არის გაუარესებული.

მათივე განცხადებით, გაგრძელდა და გაღრმავდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, მაღალი დონის კორუფციის დაუსჯელობამ მიაღწია კლეპტოკრატიის ნიშნულს, სასამართლო სისტემაში კიდევ უფრო გამყარდა კლანური მმართველობა, საპარლამენტო ზედამხედველობა დარჩა ფორმალობად, კრიტიკული მედიისთვის ჩამოყალიბდა მტრული გარემო, ხოლო ჟურნალისტური საქმიანობა გახდა საფრთხის შემცველი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:

ანტიკორუფციული გარემო

  • საბოლოოდ დადასტურდა, გაგრძელდა და გაღრმავდა სახელმწიფოს მიტაცების პროცესი;
  • ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამწვავდა მაღალი დონის კორუფციის პრობლემა; მკაფიოდ გამოჩნდა კლეპტოკრატიული მმართველობის ნიშნები;
  • მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო, რაც თავიდან დადებითად შეფასდა, ის ვერ გამოდგა ეფექტური კორუფციის წინააღმდეგ, რადგან ასევე მოექცა მიტაცებული ინსტიტუციების რიგებში;
  • ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გარდა, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნები და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

სასამართლო სისტემა

  • საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე;
  • გაგრძელდა სასამართლო სისტემაში არსებული ე.წ. „კლანის“ მმართველობის კონსოლიდაცია კანონმდებლობის შემდგომი გაუარესებითა და სასამართლო სისტემაში ახალი – კლანთან დაახლოებული კადრების შერჩევა-დაწინაურებით;
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „კლანის“ სათავეში მყოფ მოსამართლეებზე სანქციების დაწესებამ ცხადი გახადა, თუ რაოდენ ღრმად არის ჩაფლული კორუფციაში გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც მთელ სასამართლო სისტემას აკონტროლებს;
  • კლანურმა სასამართლო სისტემამ მორჩილად შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა დევნის საქმეში;
  • ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი კლანური სასამართლო სისტემა ასევე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკოსებისა და კრიტიკული მედიის დევნაში.

საპარლამენტო ზედამხედველობა

  • საპარლამენტო კონტროლი, ხშირ შემთხვევაში, არ ეხებოდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის კორუფციას. უმრავლესობის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენება ძირითადად ვიწრო პარტიული მიზნებით ხდებოდა;
  • კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა მის საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ;
  • უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. პარლამენტმა არ შეასრულა ევროკომისიის მოთხოვნა, ამ სექტორზე კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით;
  • მნიშვნელოვნად შესუსტდა ოპოზიციის როლი ზედამხედველობის განხორციელების პროცესში – უმრავლესობა ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა ოპოზიციას, რათა მას ვერ განეხორციელებინა მთავრობაზე ზედამხედველობა.

მედიაგარემო

  • ბოლო 4 წელში მედიაგარემოს გაუარესების კვალდაკვალ, გამოვლინდა ისეთი საგანგაშო შემთხვევები, როგორებიცაა - ჟურნალისტებზე მასობრივი თავდასხმები და ძალადობა, რასაც „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაც მოჰყვა. ასევე, სამართლებრივი საქმეების აღძვრა კრიტიკული მაუწყებლების მფლობელებისა და დამფუძნებლების მიმართ და მათი დაკავება.
  • საგანგაშოა მართლმსაჯულების სისტემის, კომუნიკაციის კომისიისა და ხელისუფლების დაქვემდებარებაში არსებული სხვა სტრუქტურების კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენება;
  • განსაკუთრებით სახიფათოა მმართველი უმრავლესობის ინიცირებით მიღებული არაერთი კანონი და ნორმა, რომლითაც კიდევ უფრო შეიზღუდა და გართულდა ჟურნალისტური საქმიანობა.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა