ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის პროცესში, პირველ ეტაპზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება

დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

მისივე ინფორმაციით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.

„ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული“ სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის გაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. დამეთანხმებით, რომ ეს ჩამონათვალი უკვე მეტყველებს ამ კომპანიის განსაკუთრებულ გამოცდილებაზე და ჩვენ მოხარულები ამ კომპანიის ჩართულობით ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში. პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი წელიწადში. საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, ამ ეტაპზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ზუსტდება წარმოდგენილი წინადადების დეტალები, რის შემდეგაც საპარტნიორო შეთანხმება და საკონცესიო შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება“, - განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია