ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს - იმისაც კი ვერ ბედავენ, რომ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა - ე.წ. ტექნიკური მთავრობა მათთვის დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ, ქართველი ხალხისთვის ამის თქმას ვერ ბედავენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია „დამოკიდებულია იმაზე, რა ინსტრუქციას მიიღებს გარედან“.
„უპირველესად, ეს მიუთითებს, რომ ჩვენ ოპოზიციის სახით გვაქვს აჯაფსანდალი, რომელსაც იმის თავიც არ აქვს, რომ მთავრობა დააკომპლექტონ ისე, როგორც მათ ამომრჩეველი ეტყვის. საბოლოოდ, არიან მარიონეტები და მოქმედებენ, როგორც მარიონეტები მითითებების საფუძველზე. წარმოგიდგენიათ, პარტიები არიან, ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ, მათი მიზანია, რომ გაიმარჯვონ, ჰქონდეთ რაღაც მხარდაჭერა და იმისაც კი ვერ ბედავენ, რომ თქვან, ვინ არის მათი მთავრობის შემადგენლობა. ამასაც კი ვერ ბედავენ, ვინაიდან დამოკიდებულები არიან იმაზე, რა ინსტრუქციას მიიღებენ. ეს ინსტრუქცია დიდი ხანია მიღებული აქვთ. სინამდვილეში ეს ე.წ. ტექნიკური მთავრობა მათთვის დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ, ქართველი ხალხისთვის ამის თქმას ვერ ბედავენ. ამ მომენტში მათი მომხრეებიც კი მიხვდებიან მართლაც რა აჯაფსანდალთან აქვთ საქმე და როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანებს ჩააბარო ერთი იოტა ძალაუფლებაც კი. ხალხი, რომელიც მოდის არა იმისთვის, რომ ამომრჩევლის ინტერესი გაატაროს, არამედ იმისთვის, რომ დაელოდება ინსტრუქციას გარედან, ვინ იყოს პრემიერ-მინისტრი, ვინ ფინანსთა ან კულტურის მინისტრი. ასე, რომ ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ არჩევანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომლის დაპირებაც არის, რომ ჩამოაყალიბებენ მარიონეტულ ხელისუფლებას, რომელიც იმოქმედებს უცხო ქვეყნების დაკვეთით და მითითებებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.