აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკა „ეუ დენტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დღეიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები სტომატოლოგიურ კლინიკა „ეუ დენტში“ სხვადასხვა სტომატოლოგიურ მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.
როგორც აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა აღნიშნავს, სამინისტრო მზად არის სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობისთვის.
„მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გამოხატული თანადგომისთვის. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა დროებით დევნილმა საზოგადოებამ მიიღოს სრულფასოვანი სერვისი. სამინისტრო მზად არის სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული თანამშრომლობისთვის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენს დევნილებს მეტი სამედიცინო სერვისი მივაწოდოთ უფასოდ”, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
ამასთან, განმარტავენ, რომ სამინისტროს უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს სხვა მიმართულებებითაც თანამშრომლობის დაწყება.