სოფელ ინგირში "კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა

სოფელ ინგირში "კოალიციამ ცვლილებისთვის“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა. შეკრებილებს კოალიციის ლიდერებმა მიმართეს.

როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ბევრ თაობას არ ჰქონია პრივილეგია, არჩევანის შესაძლებლობა, „ჩვენ კი შეგვიძლია, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, რამდენიმე დღეში პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიყვანოთ“.

„გამარჯვება სამეგრელოს, გამარჯვება საქართველოს ევროპის სავალ გზაზე, გამარჯვება „კოალიციას ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრით 4, გამარჯვება ასობით ათასობით გულშემატკივარს, ოჯახის წევრს, მხარდამჭერს. ეს სამეგრელოა, ეს საქართველოა, ეს საქართველოს შუა გულია.

მინდა პერსონალურად მივესალმო ყველა მეგრელს, ყველა ქალაქს, მარტვილს, ხობს, სენაკს, აბაშას, ჩხოროწყუს, წალენჯიხას, ფოთს, მესტიას, ზუგდიდს და ზუგდიდელებს.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ინგირში, სამეგრელოსა და საქართველოს გამარჯვების ისტორიულ შეხვედრას ესწრება ბევრი ადამიანი აფხაზეთიდან, არა მხოლოდ ესწრება, არამედ ჩვენი საყრდენი ბურჯები არიან. განსაკუთრებით მივესალმებით აფხაზეთს, ენგურის გაღმა საქართველოსკენ, ქართველებისკენ, ბიჭვინთისკენ, სოხუმისკენ, გაგრისკენ. ვიცი, ძალიან ბევრი ენგურს გაღმა ქართველი გვიყურებს და მივესალმოთ, ვთქვათ ყველას სათქმელი ერთად, გამარჯობა აფხაზეთო შენი. ძალიან ახლოს ვართ, გვესმის რა ხდება ენგურს გაღმა ქართველების გულებში, ჩვენ გვესმის მათი ხმა, გულის ცემა, მათი იმედები, მაგრამ ჩვენ ფიზიკურად ვერ ვართ ერთად, ისე, როგორც ერთიანი გაერთიანებული და ძლიერი საქართველო იმსახურებს, მაგრამ ჩვენ მალე ერთად ვიქნებით ევროპულ სახელმწიფოში, ფიზიკურადაც. ჩვენ მოვიპოვებთ თავისუფლებას, მშვიდობას, ერთმანეთს გადავეხვევით და ყველა ერთად ვიტყვით გამარჯობა ძლიერ, ერთიან, ევროპულ საქართველოს.

ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ. ბევრ თაობას არ ჰქონია პრივილეგია, არჩევანის შესაძლებლობა, ჩვენ შეგვიძლია ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ რამდენიმე დღეში პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიყვანოთ და ნანატრი შევასრულოთ, სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ და დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. აქედან უნდა შემოვუძახოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ამ მიზანს 4 დღეში მივაღწევთ, გამარჯვებული დღე გათენდება, რადგან ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ვართ მართლები, ღირსება ზურგს გვიმაგრებს და ისტორიული მისწრაფებები.

ღირსება, სიმართლე გვკარნახობს, რომ ჩვენ გამარჯვების გარდა სხვა უფლება არ გვაქვს, უკან დახევა არ გამოვა, დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. მინდა გთხოვოთ, დავუბრუნდეთ ჩვენს რეგისტრირებულ ადგილებს, თითო ხმას აქვს მნიშვნელობა, მთელი განვითარებული სამაყრო ჩვენ გვერდით დგას. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, წავიდეთ არჩევნებზე, ჩვენ გავერთიანდით მომავლის გამო, მიუხედავად წარსულში ბევრი განსხვავებულობისა. მიხარია, რომ ჩვენი კოალიცია მზად არის გამარჯვებისთვის. ჩვენი ამოცანა ვერ და არ იქნება მთავარი პოლიტიკური გუნდის სტატუსი, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის რამდენიმე წელიწადში არ მომერიდოს კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ ამდენი იყავით, არნახული რაოდენობა ადამიანი იკრიბებოდით, რამ შეგიშალათ ხელი გამარჯვებაში? ეს კითხვა არის დამატებითი მოტივაცია, რომ გავიმარჯვოთ, ყველანი არჩევნებზე, ყველანი 4 ნომერს ვაფერადებთ, ღირსებით, სიმართლით, თავაწეულები.

თითოეულმა თქვენგანმა ბევრი რამ გადალახა, მოვიდა აქ, მოვიდა არა ლიდერის მოსასმენად, არამედ ხმის გასაგონად, რომ გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა", - განაცხადა მელიამ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა