გეგმები არის ამბიციური, დანარჩენი გადაწყდება 26 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ ისეთი, როგორიც წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორი ეროვნული ამოცანაა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა.
სხდომის მიმდინარეობისას მან ისაუბრა 2030 წელს ქვეყნის ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის ამბიციურ გეგმაზე და ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ დასახულ ორ ეროვნულ ამოცანას - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სიღარიბის დაძლევას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება და ჩვენ გვაქვს კონკრეტულად ევროინტეგრაციის მიმართულებით ამბიციური გეგმა, რომ 90% -ზე მეტი შევასრულოთ იმ ვალდებულებებისა, რომლებიც არის გათვალისწინებული როგორც ასოცირების შეთანხმებით, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ამისთვის ყველა პირობა იქნება მომზადებული და საქართველო იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის 2030 წელს. ყველა თვალსაზრისით როგორც ვალდებულებების შესრულების კუთხით, ისე ეკონომიკური წინსვლის და ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები თუ ნებისმიერი სხვა ასპექტი, რაც არის დაკავშირებული ქვეყნის განვითარებასთან, ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი, რაც არის, ზოგადად, მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს უკეთესი პირობები. ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. რაც შეეხება სიღარიბის აღმოფხვრას, აქ უფრო მეტია უშუალოდ ჩვენზე დამოკიდებული. რაც შეეხება მეორე ეროვნულ ამოცანას, აქ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებზე, განვითარებაზე, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ ეროვნული ამოცანის შესრულებაც არის აბსოლუტურად რეალური. რა თქმა უნდა, ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას, შერიგების მნიშვნელობას, შერიგების გარეშე ვერავითარი გამთლიანება ვერ შედგება. ჩვენთვის თვითმიზანი არ არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ამოცანა არის, პირველ რიგში, ბუნებრივია, ურთიერთობების აღდგენა ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომავალში ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. მოკლედ, გეგმები არის ამბიციური, დანარჩენი გადაწყდება 26 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება სწორედ ისეთი, როგორიც წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.