გუშინ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს - ეს იყო „მესიჯი“, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარე ძალებისთვის, რომ ხალხს ქვეყანაში სურს მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, - ასე შეაფასა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება.
მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს “ყველა რადიკალს შესაბამის პასუხს გასცემს”.
“გუშინ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “ქართულ ოცნებას” ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. ასიათასობით ადამიანი იყო გამოსული და ეს იყო “მესიჯი”, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარე ძალებისთვის, რომ ხალხს ქვეყანაში სურს მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით გვინდა ევროპული მომავალი. მე მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც გუშინ მოსული იყო, ასევე, მათთაც ვისაც სურვილი ჰქონდათ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდა. მთავარია, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები და 26 ოქტომბერს უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა - რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას.
ჩვენ მათ {ოპოზიციას} ვერ შევცვლით. ეს მათ დნმ-შია - ბულინგი, ხალხის კვლა, წამება, გაუპატიურება. გამორიცხულია, რომ ეს ადამიანები შეიცვალონ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ აჩვენეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და დღეს ოპოზიციაში იმყოფებიან - რადიკალური დაჯგუფებაა, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც მზად არის შეასრულოს გარედან ყველა სიბინძურე, დავალება, ქვეყნის წინააღმდეგაც კი. ჩვენ 2008 წლის კარგი მაგალითი გვაქვს. რამხელა ბოროტება ჩაიდინეს - ეს იყო მოღალატეობრივი აქტი. ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა, არავის არ ეშინია, არც მათი ბულინგის, შეურაცხყოფების. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს ყველა რადიკალს შესაბამის პასუხს გასცემს. რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრდა, ბოროტება და მოძალადეები ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და მოხდება ამ ქვეყნის განვითარება და წინსვლა”, - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ “ქართული ოცნებამ” თბილისში, წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოსახლეობა რეგიონებიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოიყვანა და აღნიშნა, რომ "ეს არის ოპოზიციის ბინძური კამპანია".
„არ ვიცი, ადამიანი ძალით როგორ უნდა წამოიყვანო?! - უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია. ეს უბრალოდ არის მათი {ოპოზიციის} ბინძური კამპანია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყოველთვის ამას აკეთებენ. ჯერ იყო და რეგიონებიდან ხალხი მოჰყავთო, როდესაც დაანონსებული გვქონდა, რომ მთელი საქართველო იკრიბებოდა, ამაში ცუდი რა არის?! ჩვენი მხარდამჭერები, პარტიის წევრები არიან და უამრავი ადამიანი შეკრებილი, გამოსული იყო. ასე რომ, მათ ბინძურ პროპაგანდას, შეურაცხყოფას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი თავის სათქმელს 26 ოქტომბერს იტყვის”, - განაცხადა კალაძემ.