ნიკა მელია - საარჩევნო უბნებთან რიგები ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა

ეს რიგები საარჩევნო უბნებთან ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა - 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, საზოგადოებას, ჩემ უკან რიგში, ივანიშვილისთვის აქვთ ხმა მიცემული, მაგრამ ის არ უკურთხებიათ მეფედ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას არ უნდა მეფე და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„ეს შენობა არის 47-ე საჯარო სკოლის შენობა, რომელშიც მე ვსწავლობდი. 90-იანი წლები იყო და ნამდვილად არ იყო საუკეთესო წლები ჩვენი თაობისთვის. მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო თაობის წარმომადგენელმა არ განიცადოს ის რთული წლები, ის არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ხელთაა შესაძლებლობა თავად ავირჩიოთ რომელ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა - რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა, მაშინ, როცა ვიყავი მოწაფე და 47-ე სკოლაში დავდიოდი მთაწმინდაზე, თუ დასავლური გეოპოლიტიკური სივრცე გვინდა, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის განათლებას, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, ეკონომიკას, რომელიც მუშაობს ხალხზე და არა რამდენიმე ასეულ ადამიანზე; რომელიც გულისხმობს ბედნიერ სახელმწიფოს; რომელიც გულისხმობს თავისუფალ პედაგოგს, თავისუფალ მოქალაქეს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერაფერს დააძალებს. მით უფრო როცა ეს ყველაფერი ეხება არჩევნებზე თავისუფალი ნების გამოხატვას. მინდა, რამდენიმე წელიწადში ყველანი ერთად გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. იმ საზოგადოებამ ძალიან ფართოდ გაგვიღო კარები. ჩვენ უბრალოდ ფართო კარებში უნდა შევიდეთ. ეს გადაწყვეტილება მივიღე სწორედ აქ.

მე შემიძლია გავაკეთო პარალელი, რა განწყობა იყო ამ უბანში, თუნდაც 2021 წელს, სადაც არ ჰქონდა ცუდი შედეგი ოპოზიციას და იმ განწყობებთან შევადარო, რომელიც დღესაა. თუნდაც აქ, უბანში, თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში. ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას უნდა ცვლილება. კარგსა და ცუდზე აღარაა საუბარი, საუბარია, რომ ხალხის მოთხოვნაა ცვლილებები. საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უნდა ბიძინა ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის. მინდა ძალიან მალე, რამდენიმე წელიწადში, საქართველოს პასპორტთან ერთად, ევროკავშირის პასპორტიც გვქონდეს. არ მინდა, რომ ადამიანი ამ ქვეყანაში დაემსგავსოს მეფეს.

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, საზოგადოებას, ჩემ უკან რიგში, პირადაც ვიცნობ, უბნელები არიან, ივანიშვილისთვის აქვთ ხმა მიცემული, მაგრამ ის არ უკურთხებიათ მეფედ. მათ მიაჩნდათ, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო. თბილისმა ასე გადაწყვიტა და 70%-მა უარი უთხრა წინა ხელისუფლებას. საზოგადოებას ჰქონდა ცვლილებების სურვილი. სამწუხაროდ, მოხდა საპირისპირო. ყოველმა შემდეგმა ხელისუფლებამ პოლიტიკური სისტემა კიდევ უფრო გააუარესა. ჩვენ რომ არ გვინდა დღევანდელი ხელისუფლება, ეს ძალიან მანკიერი ხელისუფლება, არ ნიშნავს, რომ რამეს მივტირით წარსულში. არაფერს არ მივტირით, რაც იყო წარსულში. გვინდა წინსვლა, მომავლისკენ სვლა გვინდა. ჩვენ გვინდა ცვლილება, გვინდა ვცხოვრობდეთ სახელმწიფოში, სადაც წელს გავიმარჯვებთ ჩვენ სხვებთან ერთად, მომდევნო არჩევნებზე დავმარცხდებით. შემდეგზე კვლავ გავიმარჯვებთ და იმის შემდეგზე დავმარცხდებით. ანუ ცვალებადობა იყოს. ჩვენ არ გვინდა მეფე და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, არც ერთ და არც მეორე ამპლუაში. დღეს ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ეს რიგები საარჩევნო უბნებთან ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კი არ დამარცხდება, დამარცხდება ერთპარტიული მმართველობა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილმა კი არ დანერგა, უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით სახელმწიფოს შეუცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს დიახაც ძირმომპალი პოლიტიკური სისტემა წელს იცვლება და წარსულს ვაბარებთ ერთპიროვნულ მმართველობას. ამ ქვეყანაში ვერასდროს განმეორდება ვერცერთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ სახელმწიფოს მართვას ერთპიროვნულად შეძლებს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის