6 საათია გასული, რაც საარჩევნო უბნები გაიხსნა და საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 3 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი, მხოლოდ და მხოლოდ 102 საჩივარი არის დაფიქსირებული, რაც 3 ათას უბანთან მიმართებით მიუთითებს მხოლოდ ერთზე, რომ საარჩევნო პროცესი ძირითადად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის არის საზღვარგარეთ არსებული უბნები, კერძოდ, ბრიუსელსა და სტოკჰოლმში.
„ადგილი აქვს არაერთ დეზინფორმაციის შემცველ კამპანიას, კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აქტიურად ავრცელებენ ვიდეოკადრებს, თითქოს, ფოთში, ქუთაისსა და ბოლნისში ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვას, რაც სიცრუეს და დეზინფორმაციას წარმოადგენს. მათი გავრცელებული ვიდეომასალიდანაც დგინდება, რომ არანაირ მოსყიდვის ფაქტს ადგილი არ აქვს, თუმცა, მსგავსი დეზინფორმაცია ამომრჩეველზე გავლენის მოხდენისა და არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მორიგი მცდელობაა.
რაც შეეხება სხვა გამოვლენილ დარღვევებს, „ნაცტელევიზიების“ ჟურნალისტები განსაკუთრებით „ტვ პირველი“ უბნებზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მივარდნებითა და ხელის შეშლის ფაქტებით, ისინი ხელს უშლიან თავიანთი საქმიანობით საარჩევნო კომისიის საქმიანობას და აგრეთვე გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, კერძოდ: ქუთაისში მე-7 უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს „ტვ პირველმა“ მინივენში წაართვა სიები, განხორციელდა შესაბამისის შეტყობინება 112-ში. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კოორდინატორებს უფლება აქვთ მაქსიმალურად მოახდინონ ამომრჩევლების მობილიზება, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს, ეს არის კანონით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილება და არავის არ აქვს უფლება, რომ მათ კონკრეტული დოკუმენტაცია, სია იქნება ეს თუ სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ამ პროცესში არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მობილიზება მოხდეს ამომრჩევლების, რომ ვინმემ წაართვას და ეს წარმოადგენს შესაბამის კანონდარღვევას, რაზეც ჩვენ ყველა შემთხვევაში რეაგირებას მოვახდენთ.
კანონდარღვევა დაფიქსირდა საარჩევნო პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირკიტაძის მხრიდან, რომელმაც ამომრჩეველს მითითება ხმის მიცემის პროცესში მისცა, მას დამკვირვებელმა შენიშვნა მისცა ამის გამო და უთხრა, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია, თუმცა დამკვირვებლის გაფრთხილებას პოლიტიკოსი არ დაემორჩილა.
ჩუღურეთის პირველ უბანში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის“ წარმომადგენელი სისტემატურად ფოტოებს უღებდა ამომრჩევლებს საარჩევნო ყუთთან. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციათაგანია, რომელიც ჩვენი კვლევებით მხილებულია, როგორც პარტია „ახალთან“ დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ვხედავთ, თუ როგორი ფორმით ახორციელებს მისი დამკვირვებელი პროცესებში ჩარევას.
„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გოჩა შარაშენიძე ოზურგეთის სოფელ ბახვის მე-15 საარჩევნო უბანზე ცდილობდა საარჩევნო კაბინაში შესვლას და მოქალაქისათვის შესაბამისი მითითებების მიცემას. ოზურგეთის 38-ე უბანზე, ხრიალეთში, უბნიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გელა ხომერიკი, რომელიც ყვირილით შევარდა საარჩევნო უბანში, სცადა მაგიდების გადაადგილება და ხელს უშლიდა კომისიის მუშაობას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნანა ტავლელიშვილი გააძევეს გლდანის მე-60 უბნიდან. ამომრჩეველს ხვდებოდა ეს ადამიანი, ართმევდა პირადობებს და ატყუებდა, თითქოს მათ არ უნდა მიეცათ იმ კონკრეტულ უბანზე ხმა. რის შედეგადაც მან შეძლო, რომ სამი ამომრჩეველი გაებრუნებინა უბნიდან.
აქვე დაფიქსირდა საზღვარგარეთ, კერძოდ, ბრიუსელსა და სტოკჰოლმში საარჩევნო უბნებზე, რომლებიც მოგეხსენებათ, რომ გახსნილი არის საქართველოს საელჩოს შენობებში, ვანდალიზმის კონკრეტული ფაქტები და წარმოდგენილი მასალა ამაზე მიუთითებს,“ - განაცხადა მიქანაძემ.