„მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, 10:00-15:00 პერიოდში სულ 28 სხვადასხვა სახის ინციდენტი გამოვლინდა. ყველაზე მეტი ინციდენტების რაოდენობა კი, მარნეულის საარჩევნო ოლქშია დაფიქსირებული.
მათივე ინფორმაციით, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე 5 საჩივარი შევიდა. ასევე, 3 საჩივარი შეიტანეს საოლქო საარჩევნო კომისიის დონეზე, რომელთაგანაც 2 დაკმაყოფილდა და ერთი ნაწილობრივ.
„არაუფლებამოსილი პირები უბანზე - 2 ინციდენტი. კერძოდ, ახალქალაქის #40 ოლქის #45 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. დამკვირვებლის პროტესტის მიუხედავად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ინციდენტზე რეაგირება არ მოახდინა. მარნეულის #22 ოლქის #7 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი. დამკვირვებლის პროტესტის მიუხედავად საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ინციდენტზე რეაგირება არ მოახდინა.
ბიულეტენების ჩაყრა - 2 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 69 უბანზე დაუდგენელი პირების მიერ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ორი ინციდენტი დაფიქსირდა. უბანზე ხმის მიცემის პროცესში შეწყდა.
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა - 2 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #71 უბანზე, დამკვირვებელს (მობილური ჯგუფი) დაკვირვების უფლება შეეზღუდა - დამკვირვებელს არ ეძლეოდა საარჩევნო უბანზე გადაადგილების შესაძლებლობა. დაიწერა საჩივარი, რის შემდგომაც აღმოიფხვრა პრობლემა. მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 69 უბანზე საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას.
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა / მცდელობა - 5 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #54 უბანზე (ელექტრონული) რეგისტრატორმა ამომრჩეველი დაარეგისტრირა პირადობის მოწმობის გარეშე, თუმცა მითითების შემდგომ თავმჯდომარემ აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრა. ახალციხის #37 ოლქის #1 უბანზე ამომრჩეველი ვადაგასული პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას. ახალციხის #37 ოლქის #1 უბანზე ამომრჩეველი გამოცხადდა მართვის მოწმობით რეგისტრატორთან. შენიშვნის შემდგომ პრობლემა აღმოიფხვრა. ამომრჩეველს არ მიეცა ხმის მიცემის უფლება. ახალციხის #37 ოლქის #2 უბანზე, ამომრჩეველმა ვადაგასული პირადობის მოწმობით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. მარნეულის #22 ოლქის #17 უბანზე ამომრჩეველი მართვის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას. თავმჯდომარემ სიტყვიერი გაფრთხილების შემდგომ აღმოფხვრა პრობლემა.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება - 2 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #80 უბანზე რეგისტრატორი ამომრჩევლის ნაცვლად თავად ავსებს საცდელ წრეს ბიულეტენზე. მარნეულის #22 ოლქის #7 უბანზე კომისიის წევრს დაავიწყდა მარკირების გაკეთება და ამომრჩეველს ატანდა 2 ბიულეტენს. მითითების შემდგომ პრობლემა აღმოიფხვრა. ამომრჩევლის გადაადგილების უფლების შეზღუდვა 100 მეტრის რადიუსში 2 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #2 უბანზე, 20 მეტრზე ნაკლებ რადიუსში იმყოფებოდა მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა ბეიჯი და თავადვე განაცხადა, რომ ეწეოდა აგიტაციას ქართული ოცნების სასარგებლოდ. ყვარლის #16 ოლქის #13 უბანთან იმყოფებიან აგიტატორები, რომლებიც ეწევიან აგიტაციას.
აგიტაცია - 1 ინციდენტი. კერძოდ, კრწანისის #4 ოლქის #16 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას ქართული ოცნების სასარგებლოდ.
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა - 5 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #80 უბანზე, ამომრჩეველმა ჩარჩო კონვერტის გარეშე გამოიტანა ბიულეტენი კაბინიდან. მარნეულის #22 ოლქის #71 უბანზე, ამომრჩეველმა კაბინიდან გამოსვლის შემდგომ კომისიის წევრს აჩვენა ბიულეტენი. ამასთანავე, კაბინაში ერთდროულად იმყოფებოდა 2 ამომრჩეველი. გარდაბნის #21 ოლქის #7 უბანზე, ამომრჩეველმა ფოტოსურათი გადაუღო ბიულეტენს. აღნიშნულ ფაქტზე დამკვირვებელს ჰქონდა შენიშვნა, რაზეც ამომრჩეველს ჰქონდა მწვავე რეაქცია. მარნეულის #22 ოლქის #80 უბანზე, ამომრჩეველმა არ იცოდა ხმის მიცემის პროცედურა, კომისიის თავმჯდომარე დაეხმარა მას და თავად მოათავსა ბიულეტენი აპარატში. მარნეულის #22 ოლქის #1 უბანზე ელექტრონული აპარატების გაუმართაობის გამო ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა.
მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა - 1 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #7 უბანზე, რეგისტრატორი არასათანადოდ ახორციელებს მარკირებას.
სხვა სახის ინციდენტები - 6 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 ოლქის #41 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი არ ამოწმებდა ამომრჩევლის პირადობის მოწმობას და არ უმოწმებდა მარკირებას. მთაწმინდის #1 ოლქის #31 უბანზე მოქალაქეს 3 ბიულეტენი გადასცეს. პრობლემა აღმოიფხვრა. ამომრჩეველმა ხმა მისცა კუთვნილი ბიულეტენით. ახალციხის #37 ოლქის #5 უბანზე ამომრჩეველმა შევსებულ ბიულეტენს გადაუღო ფოტო, თუმცა დამკვირვებლის მითითების შემდგომ მან ფოტო წაშალა. კრწანისის #4 ოლქის #16 უბანთან იყო 10-მდე ადამიანის თავყრილობა, თავმჯდომარემ მათ მიუთითა დაშლისაკენ, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა პროტესტი, თუმცა პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა. მარნეულის #22 ოლქის #80 უბანზე, კომისიის თავმჯდომარე კაბინაში მყოფ ამომრჩეველს ესაუბრებოდა აზერბაიჯანულ ენაზე. ახალქალაქის #40 ოლქის #12 უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მიერ განმეორებით ხმის მიცემის მცდელობას, თუმცა თავმჯდომარემ აღმოფხვრა პრობლემა. მარნეულის #22 ოლქის #7 უბანზე კომისიის წევრს დაავიწყდა მარკირების გაკეთება და ამომრჩეველს ატანდნენ 2 ბიულეტენს. მითითების შემდგომ პრობლემა აღმოიფხვრა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეზე დაკვირვებას.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით.
არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი).
არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას უწევს „მრავალეროვანი საქართველო“ საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ოფისი. ინციდენტების ცენტრი მუშაობს საგანგებო რეჟიმში და მოკლევადიანი დამკვირვებლებისგან იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.
საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი სამონიტორინგო ხასიათის ინფორმაცია მედია ოფისის მეშვეობით პერიოდულად (10:00, 15:00, 21:00) მიეწოდება საზოგადოებას ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლითაც ხდება შეფასდება საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის, ხმის მიცემის, საარჩევნო უბნების დახურვის, ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესის. გარდა აღნიშნულისა, 27 ოქტომბერს 11:00 სთ-ზე, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ გაავრცელებს არჩევნების დღის წინასწარ შეფასებას.
საკოორდინაციო ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
„მრავალეროვანი საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამა მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.
„მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ნორვეგიის სამეფოსა და ესტონეთის საელჩოების, ასევე ახალი დემოკრატიის ფონდისა (NDF) და ფონდ „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.