„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ვერიფიკაციის აპარატებსა და ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე  წვდომის უფლება მიეცეთ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ ვერიფიკაციის აპარატებსა და ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე წვდომის უფლება მიეცეს.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, ერთადერთი გზა, რითაც მათ შესაძლებლობა აქვთ, დაამტკიცონ მასობრივი მანიპულაციები, ეს არის დოკუმენტაციის გადამოწმება.

„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა“ მთელი ღამის განმავლობაში აანალიზებდა უბნებზე არსებულ შედეგებს და ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს შედეგები არის მანიპულაციურად მიღწეული. ჩვენ ამ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ იმიტომ, რომ მრავალმხრივი მანიპულაციის შედეგებია ასახული ბიულეტენებში და ოქმებში.

გუშინ, მასიურად გამოვლინდა ფარულობის დარღვევა. ფარულობის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ ამომრჩეველს ჰქონდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ამბობდა იმას, რომ ბიულეტენიდან ჩანდა ხმის მიცემის ფაქტი, ანუ გადაბრუნებულ ბიულეტენზე ჩანდა ამომრჩეველმა ხმა ვის მისცა. ეს იყო მასიური და მასიურად ამომრჩეველს შესაძლებლობა არ ჰქონდა, თავისუფალი არჩევანის გაკეთების.

რაც შეეხება ახალი სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვერიფიკაციის აპარატებში არსებული საარჩევნო ამომრჩეველთა სიები არ იყო გამჭვირვალე, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიებზე დაკვირვების და გაორების გადამოწმების. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლებას ძალიან ფართო შესაძლებლობა ჰქონდა, (მაშინ როდესაც არც დამკვირვებელს, წარმომადგენელს, პოლიტიკურ პარტიას და არავის შესაძლებლობა არ ჰქონდა) სიების გადამოწმების. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ გაორებები სიებში მოეხდინათ და ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვცეს წვდომა, როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე, ასევე ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე, რომლებიც არის დალუქული და ინახება ცესკოში. იმიტომ, რომ ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს დავამტკიცოთ მასობრივი მანიპულაციები, ეს არის ამ დოკუმენტაციის გადამოწმება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევის და დამატებითი პირადობის მოწმობების შექმნის საკითხიც აუცილებლად გამოძიების საკითხი უნდა გახდეს.

გარდა ამისა, მარკირების სითხე არ იყო სათანადო ხარისხის და ის კვალს არ ტოვებდა თითზე ან სხვა შემთხვევაში ადამიანებს უშვებდნენ მარკირების გარეშე. ჩვენ რამდენიმე ადამიანი გამოვიჭირეთ, რომელიც ორჯერ აძლევდნენ ხმას სხვადასხვა უბანზე ან ერთსა და იმავე უბანზე. სიების, გაორების, პირადობის მოწმობების პრობლემა და მარკირება არ ხორციელდებოდა, რაც ჯამში იძლეოდა მასობრივი მანიპულაციების საშუალებას.

აგრეთვე, გადასამოწმებელია პლანშეტი და პლანშეტის ინტერნეტ კავშირი არსებობდა თუ არა ვერიფიკაციის აპარატებთან იმიტომ, რომ ამის ტექნიკური შესაძლებლობაც ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

გარდა ამისა, იქ სადაც არ ტარდებოდა არჩევნები ელექტრონული სისტემით, ჩვენ ვნახეთ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით მასიური ჩაყრა ბიულეტენების“, - განაცხადა კორძაიამ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა